ახალი ამბები

მოსახლეობის მესამედი ფიქრობს, რომ ბოლო 5 წელში სასამართლოში ვითარება არ შეცვლილა – EU/UNDP-ის კვლევა

26 ივლისი, 2017 • 1603
მოსახლეობის მესამედი ფიქრობს, რომ ბოლო 5 წელში სასამართლოში ვითარება არ შეცვლილა – EU/UNDP-ის კვლევა

გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) და ევროკავშირის (EU) კვლევის თანახმად, კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა ვითარება სასამართლოში ბოლო 5 წლის მანძილზე, 38% ამბობს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო მესამედს აქვს განცდა, რომ არ შეცვლილა, 10% კი მიიჩნევს, რომ გაუარესდა.

ამავე კვლევის მიხედვით, ქართულ სასამართლოს სრულად ენდობა საქართველოს მოსახლეობის 2/3, უნდობლობას კი  27% უცხადებს.

“საშუალოდ, ქართველი მოსამართლეების 56% იღებს სამართლიან და კანონის უზენაესობაზე დფიძნებულ გადაწყვეტილებას – ასეთია კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოსახლეობის აზრი. უნდა ითქვას, რომ მიღებული შედეგი, პრაქტიკულად, სრულად იმეორებს 2012 წელს მიღებულ შედეგებს, როდესაც “სამარლიანი მოსამართლეების” პროცენტული მაჩვენებლენი მთელ მათ ერთობლიობაში, საშუალოდ, ასევე 56%-ით განისაზღვრა… მიღებული მონაცემები ისევ ადასტურებს იმას, რომ მოსამართლეთა მნიშვნელოვანი ნაწილის კვალიფიკაციისა და ობიექტურობის მიმართ საზოგადოებაში კვლავ არის შეკითხვები,”- ვკითხულობთ კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, სასამართლოს იმიჯის მაფორმირებელი ორი მთავარი ფაქტორი სასამართლოს გადაწყვეტილებების (35%) და მედიით გაცრცელებული ინფორმაციაა (23). რესპონდენტების დიდი ნაწილის აზრით, მედია უნდა აშუქებდეს სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს  (56%) და სასამართლო პროცესების მიმდინარეობას (47%). კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ როგორც ერთის, ისე მეორის გაშუქების წინააღმდეგი დახლოებით ყოველი მეათე გამოკითხულია.

ეს შედეგები გამოავლინა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ACT-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ. ამ კვლევის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ადამაინის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით.  ორგანიზაციების ცნობით, კვლევა ეყრდნობა 5 ათასი ადამიანის პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუს-ჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან.  კვლევა 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი