ახალი ამბები

სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა – პორტალი Obozrevatel

26 ივლისი, 2017 • 7596
სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა – პორტალი Obozrevatel

პორტალ obozrevatel.com-ის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდა. პორტალი წერს, რომ ამ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრსა და უკრაინის პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსან ხატია დეკანოიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ამ ინფორმაციას არკვევს. ნეტგაზეთი ცდილობს ინფორმაციის უკრაინულ მხარესთან გადამოწმებასაც.

სააკაშვილის მხრიდან უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი პარლამენტარი იგორ მოსიჩუკიც ავრცელებს.

პორტალი წერს, რომ საემიგრაციო სამსახურმა სააკაშვილის მხრიდან უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზად ტყუილი დაასახელა, თუმცა გამოცემა დამატებითი დეტალების შეახებ არ წერს.

მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან საქართველოს მოქალაქე აღარაა და ის უკრაინის პასპორტს ფლობს. ამ პასპორტით მან ოდესის ოლქის გუბერნატორადაც იმუშავა, თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, მიმდინარე წლის მაისში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებდა, “რაც არაკონსტიტუციურია”.

“სრულიად დადასტურებულად ვიცი, რომ გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა და პრეზიდენტმა პოროშენკომ მისცა დავალება თავის სამსახურებს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოპოვებულ იქნას ისეთი მასალები, რომელთა საფუძველზე მე და დავით საყვარელიძეს ჩამოგვართმევენ უკრაინის მოქალაქეობას“, – რადიო თავისუფლების ცნობით განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილმა მაისში თქვა, რომ “უკრაინის პრეზიდენტი აპირებდა საქართველოში ჩასვლას და იქ ასეთი ყალბი დოკუმენტის მოპოვებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი