ახალი ამბები

ყოფილი თანაგუნდელი დეპუტატ ლომიას მოტაცებაში, ცემასა და წამებაში ადანაშაულებს

26 ივლისი, 2017 • 2688
ყოფილი თანაგუნდელი დეპუტატ ლომიას მოტაცებაში, ცემასა და წამებაში ადანაშაულებს

ყოფილი თანამებრძოლი პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერსა და პარლამენტის წევრ გიორგი ლომიას ცემასა და წამებაში ადანაშაულებს. თავად ლომია ბრალდებას უარყოფს.

ირაკლი ლატარია პატრიოტთა ალიანსის სახელით თბილისის საკრებულოს წევრობისთვის იბრძოდა 2016 წელს, თუმცა, უშედეგოდ. დღეს ამბობს, რომ 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს ის მოიტაცეს და პატრიოტთა ალიანსის ოფისში სცემეს. ლატარია ხელს ლომიას ადებს.

“გამიტაცეს საკუთარი სახლიდან, მიმიყვანეს ოფისში, დამაბეს სკამზე, რამდენიმე საათი მცემდნენ კონდახებით, მაწამებდნენ, წყალიც კი არ დამალევინეს. როდესაც გონება დავკარგე, მხოლოდ შემდეგ ცოტა ხნით შემეშვნენ…”, – დაწერა ფეისბუკზე ლატარიამ.

მას ვკითხეთ, თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა, მაშინვე რატომ არაფერი თქვა?

“ორი მიზეზის გამო: 1. ორსული მეუღლე მყავდა და მანქანით გავიტანთო, დამემუქრნენ, და მეორე მქონდა ირმა ინაშვილის იმედი, რომ ის მის დასჯას მოახერხებდა, თუმცა შევცდი”, – აცხადებს ლატარია ნეტგაზეთთან საუბარში.

ირაკლი ლატარიამ დღეს შესაბამისი საჩივრით პროკურატურასაც მიმართა. იგი ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც ყოფილი თანაგუნდელი გაუსწორდა, პარტიის თავმჯდომარეს, დავით-თარხან მოურავს უკავშირდება. ლატარიას თქმით, პარტიაში გაღიზიანება მისმა ე.წ სქრინმა გამოიწვია ფეისბუკ-მიმოწერიდან, სადაც თარხან მოურავს აგინებდა. თუმცა, ლატარიას მტკიცებით, ეს სქრინი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და  სინამდვილეში არა პარტიის თავმჯდომარეს, არამედ მის ზოგიერთ კადრს აყენებდა შეურაცხყოფას.

ლატარია ამტკიცებს, რომ მისი ცემის შესახებ საქმის კურსში არიან ირმა ინაშვილიც და დავით თარხან-მოურავიც. მეტიც, პატრიოტთა ალიანსის ოფისიდან ცემის შემდეგ სწორედ მათი წყალობით დააღწია თავი.

“ბოლოს თარხან-მოურავი და ირმა მოვიდნენ და მათ გამომიშვეს. თარხან-მოურავმა მითხრა, ბოდიში მოიხადეო, მოვიხადე ბოდიში და გამომიშვეს”.

ლატარია ამბობს, რომ იგი თავისი სიმართლის დამტკიცებას შეძლებს და აცხადებს, რომ გარკვეული მტკიცებულებებიც არსებობს: ფოტოები, სადაც მისი მდგომარეობა ჩანს ცემის შემდეგ, გამოძახებული სასწრაფო, მოწმეები, რომლებმაც ნახეს, თუ როგორ გამოიყურებოდა ის ოფისში მიყვანამდე და მის შემდეგ და ა.შ.

 

გიორგი ლომია და ირმა ინაშვილი ლატარიას ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. ლომიას თქმით, შესაძლოა ლატარიას აქეთ უჩივლოს სასამართლოში ცილისწამებისთვის. ლომიას თქმით, ლატარიას მიზანი ყურადღების მიქცევაა, თუმცა იმასაც ვარაუდობს, რომ სახეზეა პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანია.

“მაქვს ეჭვი, რომ ეს არის მართული პროცესი და ვცდილობთ დავადგინოთ, ვის მიერ”, – თქვა ლომიამ.

“წილისწამებასთან გვაქვს საქმე. ირაკლი ლატარიას არავინ ემუქრებოდა”, – ამბობს ირმა ინაშვილი და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს ადასტურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი