ახალი ამბები

კახიძეს იარაღის ტარება ერთი თვით აეკრძალა და 500 ლარით დაჯარიმდა

26 ივლისი, 2017 • 2957
კახიძეს იარაღის ტარება ერთი თვით აეკრძალა და 500 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, პარტია “ევროპული საქართველოს” წევრ ოთო კახიძეს 23 ივლისს გამართულ მანიფესტაციაზე იარაღის მიტანის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და იარაღის ტარების უფლება ერთი თვის ვადით ჩამოართვა. დეპუტატი იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ მას არ გაასაჩივრებს.

გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 26 ივლისს მიიღო. საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი მუხლის საფუძველზე მიმდინარეობდა.

“სასამართლომ იხელმძღვანელა კანონით, რაც ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას, ასევე, 3 წლამდე ვადით იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარიმა უნდა შეეფარდებინა, ხოლო ტარების უფლება 1 თვით ჩამოერთმია. გადაწყვეტილება შეესაბამება კანონს, მე მის გასაჩივრებს არ ვაპირებ. ვეთანხმები როგორც სამართალდარღვევის ოქმის, ასევე, სასამართლოს დადგენილებას,” – უთხრა ოთო კახიძემ “ნეტგაზეთს”.

23 ივლისს გამართულ რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციიდან გავრცელებული ვიდეოკადრების საპასუხოდ, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ კახიძე მანიფესტაციაზე იარაღით იმყოფებოდა, ამ უკანასკნელმა ფეისბუკზე განაცხადა, რომ ლეგალურად ფლობს “გლოკ 19”-ს და აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს. მან ასევე განმარტა, რომ მანიფესტაციის დროს იარაღის ავტომობილში შენახვას აპირებდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. კახიძე განცხადების შემდეგ შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი