ახალი ამბები

ელისაშვილი: მერია გამხმარი ხეების მოვლაში კომპანიას ფულს უხდიდა

26 ივლისი, 2017 • 1875
ელისაშვილი: მერია გამხმარი ხეების მოვლაში კომპანიას ფულს უხდიდა

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას ადანაშაულებს, რომ ერთ-ერთ კომპანიას გამხმარი ხეების მოვლაში ფულს  უხდიდა, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ დარგული ხეების 90% გაახარეს, მერია კი ჯერჯერობით დუმილს არჩევს.

დღეს, 25 ივლისს, გამართულ პრესკონფერენციაზე ალეკო ელისაშვილმა წარმოადგინა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც კომპანია “გამწვანება 2015”-მა შარშან ჩატარებული 4 ტენდერის შედეგად ვალდებულებად აიღო თბილისის ტერიტორიაზე 45 ათასი ხის დარგვა.

ელისაშვილის განცხადებით, დარგული ხეებიდან 10 ათასი ძირი ვერხვი გახმა, თუმცა ამის მიუხედავად, აპრილში, მაისსა და ივნისში მერია კომპანიას გამხმარი ხეების მოვლაში თვეში 70 ათას ლარს უხდიდა.

“გამხმარი ხეების მორწყვასა და გამხმარი ხეებისთვის სასუქის დაყრაში სამი თვის განმავლობაში, 20 ივნისამდეც, მიღება-ჩაბარების აქტებზე აწერდა ხელს თბილისის მერია და ყოველთვე 70 ათას ლარს ურიცხავდა კომპანიას”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

დღეს ალეკო ელისაშვილმა ის ადგილებიც აჩვენა მედიას, სადაც ხეები გახმა. ადგილზე კომპანიის წარმომადგენელსა და მას შორის შელაპარაკება მოხდა.

ერთი ტენდერი თბილისის მერიამ 2016 წლის 23 აგვისტოს გამოაცხადა. საუბარია 646 308 ლარზე. თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე უნდა დაერგოთ ჰიმალაის კედარი – 12 000 ძირი. პირობის მიხედვით, მცენარეების მიწოდება-დარგვა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელდეს 2019 წლის 1 მაისამდე.

მეორე ტენდერი ასევე 23 აგვისტოს გაფორმდა, რომლის ღირებულება იყო 619 378 ლარი. თბილისის სხვადასხვა ტერიტორიზე უნდა დაერგო ელდარის ფიჭვი, 11500 ძირი.

მესამე ტენდერის მიხედვით, 646 308 ლარად კომპანიას თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე უნდა დაერგო ზეთისხილის 12 000 ხე.

მეოთხე ტენდერის მიხედვით, რომლის ღირებულება 389 500 ლარი იყო, თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე უნდა დაერგო მთრთოლავი ვერხვის 10 000 ძირი.

ალეკო ელისაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კომპანია “გამწვანება – 2016” 2016 წლის 29 აგვისტოს, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღის შემდეგ, დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

კომპანიაში კი ნეტგაზეთს უთხრეს, რომ “გამწვანება – 2016” თურქული კომპანიის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ვერ მიიღებდა მონაწილეობას თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, საქართველოში რომ არ დაერეგისტრირებინა კომპანია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია გარი სვანიძე, 25%-25%-ის მფლობელები არიან აჰმედ კაჰრამანი და ალი სამი ოზელი. კომპაანიდან განგვიცხადეს, რომ მათ მიერ დარგული ხეების 90% გახარებულია და ნერგების დაახლოებით 10% გახმა, რასაც საშემოდგომო რგვების დროს განაახლებენ. კომპანიაში უარყოფენ, რომ გამხმარი ხეების მოვლაში ფული აიღეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ელისაშვილი მხოლოდ გამხმარ ხეებთან მიდის და არა იმ ხეებთან, რომლებმაც გაიხარა. ისინი აპირებენ, რომ ამ საკითხზე პრესკონფერენცია გამართონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი