ფოტო: ანა ყაჭეიშვილი

NDI: 73% მიიჩნევს, რომ მუშების შრომის პირობები უსაფრთხო არაა

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ეროვნულ დონეზე გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ მუშების, ანუ მათი შრომის პირობები, ვინც ფიზიკურად შრომობს, უსაფრთხო არაა.  14% პირიქით თვლის, რომ შრომის პირობები მუშებისთვის უსაფრთხოა, ხოლო 13%-მა არ იცის, უსაფრთხოა თუ არა.

კვლევის ფარგლებში შრომით უფლებებთან დაკავშირებით სხვა შეკითხვებიც დაისვა. მაგალითად, გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ შრომითი უფლებები კარგად არ არის დაცული კერძო სექტორში, ხოლო 19 % თვლის, რომ პირიქით, შრომითი უფლებები კერძო სექტორში კარგად არის დაცული.

NDI

რაც შეეხება სახელმწიფო დაწესებულებებში შრომითი უფლებების დაცვას. გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ შრომითი უფლებები დაცული არაა, ხოლო 33% მიიჩნევს, რომ დაცულია.

NDI დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები სასამართლოს დამოკიდებულებაზე, როცა სისტემა შრომითი უფლებების შესახებ დავებს განიხილავს. გამოკითხულთა 46% თვლის, რომ ასეთი დავების შემთხვევაში სასამართლო უპირატესობას დამსაქმებელს ანიჭებს და არა მოქალაქეს, ხოლო 23 % ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 31%-მა კი არ იცის, რა პრინციპით იღებს გადაწყვეტილებას სასამართლო ასეთ დროს.

კვლევა CRRC-იმ ჩაატარა მიმდინარე წლის 18 ივნისიდან 19 ივლისის დროის პერიოდში. შედგა 2261 დასრულებული ინტერვიუ. ცდომილების ზღვარი +/- 2.2%-ია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com