ახალი ამბები

სუბარი “კლასიკურ სეკულარიზმზე”: სრული გამიჯვნა შეუძლებელია

26 ივლისი, 2017 • 2781
სუბარი “კლასიკურ სეკულარიზმზე”: სრული გამიჯვნა შეუძლებელია

“პრემიერმა თქვა, რომ საქართველო არ არის კლასიკური სეკულარული სახელმწიფო და ეს ასეც არის, არა მხოლოდ ფაქტია, დღეს არსებული როგორც კონსტიტუციით, ისე რეალური ცხოვრებით, არამედ არის სწორი პოზიციაც იმიტომ, რომ სრული გამიჯვნა შეუძლებელია”, – ეს განცხადება რ2-ის გადაცემა “არჩევანში” ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, ყოფილმა ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

გადაცემაში პრემიერის იმ განცხადებაზე მსჯელობდნენ, რომლის მიხედვითაც კლასიკური სეკულარიზმი საქართველოში უადგილოა.

“ვერ აღმართავ კედელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რომლის გადალახვაც შეუძლებელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ კედლები ჩვენს გულში, ჩვენს თავში, ჩვენს რწმენაში უნდა ავაგოთ, რაც შეუძლებელია”, – ამბობს სოზარ სუბარი. მან საკუთარი და პრემიერის პოზიციის დასადასტურებლად პრეზიდენტის განცხადებაც მოიყვანა:

“პრეზიდენტმა თქვა, რომ ეკლესია ასრულებს უდიდეს როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში”, – თქვა სუბარმა.

მინისტრმა ეს განცხადებები გადაცემაში ჩართვის შუაში გააკეთა, დასაწყისში მან თქვა, რომ საქართველო არის სეკულარული ქვეყანა, სადაც სახელმწიფო და ეკლესია მკაფიოდაა გამიჯნული, ოღონდ აქ საუბარი არ არის “კლასიკურ სეკულარიზმზე”.

“როცა ვლაპარაკობთ იმაზე, არის თუ არა საქართველოში კლასიკური სეკულარიზმი, მსოფლიოში, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია და სულ 2-3 სახელმწიფოა, რომელსაც შეიძლება, კლასიკური სეკულარული სახელმწიფო დავარქვათ”.

იმის საილუსტრაციოდ, რომ კლასიკური სეკულარიზმი არც ევროპაშია ყველგან გავრცელებული, სუბარმა მოიყვანა გაერთიანებული სამეფოს, ასევე, შვედეთის, დანიის და ნორვეგიის მაგალითი მონარქის და ეკლესიის კავშირების თვალსაზრისით.

სუბარის თქმით, არიან დემოკრატიული სახელმწიფოები, სადაც რელიგია, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს აძლიერებენ, ხელს უწყობენ და  წინააღმდეგობაში არ მოდიან. ეს არის საქართველოც”.

მინისტრის თქმით, კლასიკური სეკულარიზმი შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს პირველ რეპსუბლიკაში, რომელსაც მენშევიკები მართავდნენ. “სხვა ეგეთი სახელმწიფო ალბათ ერთი-ორია მხოლოდ”.

“კლასიკური ბოლშევიზმის გარდა არავინ ამბობს, რომ ეკლესია არის ჩამორჩენილობის სიმბოლო”, – ამბობს სუბარი და დასძენს, რომ ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანული ცივილიზაციაზე აღმოცენდა და ადამიანის უფლებების საფუძველი სწორედ ქრისტიანულ მოძვრებაში დევს”.

“საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, მაგრამ, ამავდროულად, კონსტიტუცია აღიარებს საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულს როლს. ისტორიაშიც და დღევანდელობაშიც. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ მუხლი, რომელიც, სხვათა შორის, წინა ხელისუფლების დროს არის მიღებული, რომლის მიხედვითაც კათოლიკოს პატრიარქი ხელშეუვალია. ის ყველაზე მეტად არის დაცული კანონით, პრეზიდენტზე და სასამართლოს თავმჯდომარეზე მეტადაც კი”, – განაცხადა სუბარმა.

სრულად სოზარ სუბარი ჩართვას შეგიძლიათ უსმინოთ აქ.

სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე 34-ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა. სასტუმროს გახსნას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში სეკულარიზმი კლასიკური გაგებით უადგილოა:

“ჩვენი ერისთვის ჩვენს ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ჩვენს რწმენას ჩვენი ერისთვის არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა და ვფიქრობ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია და ამ მოდელის განმტკიცებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის საპასუხოდ 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

“კონსტიტუციურ სეკულარიზმს აქვს მხოლოდ ერთი გაგება და შინაარსი, რაც გულისხმობს სასულიერო და საერო ხელისუფლების გამიჯვნასა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას. ამასთან, სეკულარობის პრინციპი აუცილებელი პირობაა თანამედროვე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად და სამართლებრივი წესრიგის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა, გაკეთებული განცხადებით, ეჭვქვეშ დააყენა როგორც საქართველოს სამართლებრივი წესრიგი, ასევე, უმნიშვნელოვანესი ისტორიული და სამართლებრივი ღირებულებები”.

ამავე თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ნეტგაზეთის ინტერვიუ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან – “სეკულარიზმზე პრემიერის განცხადება ფაშისტების და ექსტრემისტების წახალისებაა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი