ახალი ამბები

თბილისში საბავშვო ბაღებსა და სოციალური დახმარების პროგრამას 11 მილიონი დაემატა

25 ივლისი, 2017 • 1787
თბილისში საბავშვო ბაღებსა და სოციალური დახმარების პროგრამას 11 მილიონი დაემატა

საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ბიუჯეტში საბავშვო ბაღებისა და სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი ნაწილებს 11 მილიონი ლარი დაემატა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა თბილისის ბიუჯეტის გაზრდას 4,5 მილიონი ლარით. საკრებულოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 25 ივლისს გაიმართა, ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირა 28 დეპუტატმა, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, ბიუჯეტის ზრდა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ წინა წლებში გადაუხდელი კ2 სამშენებლო კოეფიციენტების მოსაკრებელი შევიდა ბიუჯეტში და გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 2016 წლის ბოლოს.

ბიუჯეტის გაზრდის გარდა, საკრებულომ მხარი დაუჭირა 2017 წლის ბიუჯეტში 15 მილიონი ლარის გადათამაშებას არსებულ ბიუჯეტში. ცვლილებები ყველაზე მეტად შეეხო ბაგა-ბაღებს, რომელსაც დაემატა 7 მილიონი ლარი, გამწვანების სამსახურს მოაკლდა 5.4 მილიონი ლარი, სხვა სოციალური დახმარების ნაწილს, რომელიც განკუთვნილია მოსახლეობის ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის, 4 მილიონი ლარი დაემატა, ხოლო კომუნალურ სუბსიდირებას მოაკლდა ერთი მილიონი ლარი, მერის სარეზერვო ფონდი კი 243 500 ლარით გაიზარდა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ჯაბა სამუშიას განმარტებით, დაგეგმილია მწვანე საფარის რუკის შედგენა, ოღონდ ამ სამუშაოზე ტენდერი გამოცხადდება სექტემბერში, რადგანაც ამ მომსახურებისთვის ანაზღაურებას გადაიხდიან მომავალ წელს, 2018 წლის ბიუჯეტში ჩასვამენ მის ხარჯებს. სწორედ ამან გამოიწვია გამწვანების სამსახურის ბიუჯეტის შემცირება.

სამუშიას განმარტებით, სარეზერვო ფონდი კი გაიზარდა იმის გამო, რომ ეს თანხები ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებისთვის იქნება განკუთვნილი.

მისივე განმარტებით, ბაგა-ბაღებში მოზარდების მიყვანა იყო პრობლემა და ეს საკითხი მოგვარებულია, სექტემბერში 5 ახალ ბაღს გახსნიან, რასაც დაფინანსება სჭირდება.

სამუშიას თქმით, კომუნალური სუბსიდირება არ შემცირებულა არამედ სამი თვის განმავლობაში დარჩენილი ნაშთი დაკორექტირდა და სხვა მიმართულებით გადაიტანეს.

საკრებულოს სხდომაზე დისკუსია მოჰყვა ოპოზიციასა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებით. მარიკა დათუკიშვილმა ეს ცვლილებები არჩევნებს დაუკავშირა.

“ეს ბიუჯეტი არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ტანზე მორგებული საარჩევნოდ. იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნოდ გამოიყენოს ის ფულადი რესურსი, რომელიც არის საბიუჯეტო”, – განაცხადა მარინა დათუკიშვილმა, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მან მხარი არ დაუჭირა ბიუჯეტის გაზრდას, რადგან შემცირებულია გამწვანების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი. მანაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაუკავშირა საბიუჯეტო ცვლილებები.

“წინასაარჩევნოდ უნდათ ხალხის გულის მოგება, გამგეობების სოციალურის დახმარების ნაწილს ზრდიან, ხალხი რომ მივა, უარით რომ არ გაისტუმრონ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მამუკა ახვლედიანმა, ფრაქცია “მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ გუშინ საღამოს, ხუთ საათზე მიაწოდეს ბიუჯეტის პროექტი ისე, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო მის განსახილველად.

ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა იმის თაობაზე, რომ ფინანსები გადაისროლეს სოციალური დახმარების ნაწილში და ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ.

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქ იმარხება სწორედ ძაღლის თავი, აქ არის საუბარი, მაღალი ვარაუდით, რომ ცვლილებები არის წინასაარჩევნო პროცესზე მიმართული,” – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

ჯაბა სამუშია კი უარყოფს ოპოზიციის ბრალდებებს. მისი თქმით, ეს ბიუჯეტი არჩევნებთან დაკავშირებული რომ იყოს, უფრო მეტი უნდა იყოს.

“არანაირი კავშირიც კი არ არსებობს ამ კუთხით არჩევნებთან”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

სამუშია ამბობს, რომ მერიაში უამრავი განცხადება შედის და მოსახლეობას სჭირდება მხარდაჭერა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბრის ბოლოსაა დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი