ახალი ამბები

8 არასამთავრობო: პრემიერმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სამართლებრივი წესრიგი

25 ივლისი, 2017 • 2907
8 არასამთავრობო: პრემიერმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სამართლებრივი წესრიგი
8 არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა.

როგორც არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სეკულარობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფოსა და რელიგიის ინსტიტუციურ ურთიერთგამიჯვნასა და რელიგიური ჯგუფებისადმი სახელმწიფოს ნეიტრალურ დამოკიდებულებას. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სეკულარობა რელიგიური ნეიტრალიტეტის, შემწყნარებლობის, მრავალკონფესიური საზოგადოების მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებელი წინაპირობაა.

“ამ სულისკვეთებას საქართველოს კონსტიტუციაც იზიარებს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია ერთმანეთისგან.  ეს პრინციპი საქართველოს კონსტიტუციის  უმნიშვნელოვანეს, განუყოფელ, ტრადიციულ ნაწილს წარმოადგენს.

2002 წელს სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ხელი მოეწერა კონსტიტუციურ შეთანხმებას. აღნიშნული დოკუმენტი არეგულირებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის და , ისევე როგორც სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ეკლესიის “ისტორიული როლი”, არ გამორიცხავს სეკულარობის პრინციპის დაცვას.

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოუკიდებულების მოდელს ადგენდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია (1921წ.), რომლის მიხედვითაც  სახელმწიფო და ეკლესია აბსოლუტურად განცალკევებულნი და დამოუკიდებულნი იყვნენ ერთმანეთისგან და არც ერთ სარწმუნოებას არ გააჩნდა რაიმე უპირატესობა.

ამავე კონსტიტუციის თანახმად, მკაცრად იყო აკრძალული რელიგიური მიზნებისთვის რაიმე სახის რესურსის გაღება სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმართველობათა ხაზინიდან.

ამ პრინციპის დამკვიდრებასა და დაცვას ცდილობდნენ სასულიერო მოღვაწეებიც. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ამბროსი ხელაია, (1924წ.) სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას თავის საბოლოო სიტყვაში  ამბობდა, რომ  “რელიგია არ არის სახელმწიფოსაგან წარმოშობილი და დაწესებული. მას აქვს თავისი დამოუკიდებელი საფუძველი არსებობისა, სახელმწიფო და ეკლესია ამის გამო ორი სხვადასხვა დაწესებულებაა, მათ აქვთ სხვადასხვა სფერო მოქმედებისა. თავისი დანიშნულების ასრულებაში ორივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. სახარების დევიზია: “კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა”.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა მკაფიო არჩევანი, დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება, შეუძლებელია სასულიერო და საერო ხელისუფლების  ურთიერთგამიჯვნის პრინციპის დაცვის გარეშე”, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ:

“სეკულარობის პრინციპი იცავს როგორც სახელმწიფოს სასულიერო პირთა ზემოქმედებისგან, ასევე, პირიქით – სასულიერო პირებს სახელმწიფოს მიერ შესაძლებელი გავლენის მცდელობებისგან. ამ პრინციპის დაცვა წარმოადგენს ერთადერთ სწორ გზას, უზრუნველყოფილი იყოს სასულიერო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ხელშეუვალობა, ხოლო, მეორე მხრივ – სახელმწიფოს მიეცეს ეფექტური, მიუკერძოებელი საქმიანობის შესაძლებლობა.

ზემოთ ქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციურ სეკულარიზმს აქვს მხოლოდ ერთი გაგება და შინაარსი, რაც გულისხმობს სასულიერო და საერო ხელისუფლების გამიჯვნასა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას. ამასთან, სეკულარობის პრინციპი აუცილებელი პირობაა თანამედროვე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად და სამართლებრივი წესრიგის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა, გაკეთებული განცხადებით, ეჭვქვეშ დააყენა როგორც საქართველოს სამართლებრივი წესრიგი, ასევე, უმნიშვნელოვანესი ისტორიული და სამართლებრივი ღირებულებები.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან და დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის ძირეული პრინციპები და რელიგიური ნეიტრალიტეტი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

თანასწორობის მოძრაობა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

იდენტობა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

42-ე მუხლი


სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე 34-ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა. სასტუმროს გახსნას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში სეკულარიზმი კლასიკური გაგებით უადგილოა:

“ჩვენი ერისთვის ჩვენს ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ჩვენს რწმენას ჩვენი ერისთვის არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა და ვფიქრობ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია და ამ მოდელის განმტკიცებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი