ახალი ამბები

ადვოკატი: ოხანაშვილმა გაიხსენა, როგორ სთხოვა მას გველის შხამი თეთრუაშვილმა

25 ივლისი, 2017 • 2996
ადვოკატი: ოხანაშვილმა გაიხსენა, როგორ სთხოვა მას გველის შხამი თეთრუაშვილმა

ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატი პაატა მეხრიშვილი უარყოფს პროკურორის განცხადებებს და ამბობს, რომ სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ “დღიდან მისი სამსახურში დანიშვნისა შორენა თეთრუაშვილმა ის აითვალწუნა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მოეხდინა მისი დისკრედიტაცია და ჩარეულიყო უხეშად მის საქმიანობაში”.

ადვოკატის თქმით, დღეს, სასამართლოში სკაიპით დაკითხვის დროს, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თეთრუაშვილს ეს არ გამოსდიოდა და ამით ღიზიანდებოდა.

“ისიც დაადასტურა, რომ შორენას ახასიათებს თხოვნები ნებისმიერ პირთან, ნებისმიერი ფორმით და გაიხსენა ისიც, თუ როგორ სთხოვა უშუალოდ მას გველის შხამი.

ის, რომ შორენა თეთრუაშვილი იყო ინტრიგების ამგორებელი საპატრიარქოში და მას თავისუფლად შეეძლო ეს ინტრიგები ეხლართა და ამ ინტრიგებით ჩარეულიყო ნებისმიერ საქმეში, ესეც დაადასტურა.

ასევე დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს არანაირი შემხებლობა სამების გადაწვასთან, რომელზეც ასე აპელირებს ბრალდების მხარე, რომ მას ჰქონდა სხვა მერკანტილური ინტერესები, არ დაადასტურა,” – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თეთრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება პატრიარქმა სამჯერ მიიღო, თუმცა შემდეგ კონკრეტული ეპისკოპოსების ჩარევით შეცვალა გადაწყვეტილება. როგორც მეხრიშვილი ამბობს, გათავისუფლების მოთხოვნით პატრიარქისთვის არ მიუმართავთ ოხანაშვილს ან მამალაძეს, არამედ სინოდის წევრებმა მიმართეს.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ სოსო ოხანაშვილს კითხვები დაუსვა საპატრიარქოში შესაძლო ფარულ მოსმენებზე, რაც მოწმემ უარყო.

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლოზე წერილობით მტკიცებულებებს განიხილავენ.

სოსო ოხანაშვილის დაკითხვის შინაარსზე განსხვავებულ ვერსიას ჰყვება პროკურორი, რასაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა დახურულია და ჟურნალისტები მოწმეების დაკითხვის შინაარსზე ინფორმაციას მხოლოდ ადვოკატებისა და პროკურორების საშუალებით იღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი