ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: კომისიას შეეძლო, სტრასბურგში გაეგზავნა კანდიდატები, ვისაც ვერ დაიწუნებდნენ

25 ივლისი, 2017 • 2589
ნაცვლიშვილი: კომისიას შეეძლო, სტრასბურგში გაეგზავნა კანდიდატები, ვისაც ვერ დაიწუნებდნენ

საიას თავჯმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შესარჩევ კომისიას შეეძლო, ევროსასამართლოში გაეგზავნა კანდიდატები, ვისაც ვერ დაიწუნებდნენ, თუმცა ასე არ მოიქცა და ხელისუფლებისთვის მისაღები სია აარჩია.

მისივე თქმით, შერჩევის პროცესით მივიღეთ არა საუკეთესო კანდიდატების შერჩევაზე დაფუძნებული სია, არამედ კომისიის სახელისუფლებო წევრების მიერ შეჯერებული და მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად იმ ადამიანების სია, ვინც უფრო მისაღები იყო ხელისუფლებისთვის.

“ეს ამბავი არ იქნებოდა ამდენად დამაზიანებელი ქვეყნის იმიჯისთვის, კონკურსში რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტებს, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც  კომისიას რეალურად ჰქონდა ძალიან ფართო შესაძლებლობა, გაეგზავნა სამი კანდიდატი, რომელთან მიმართებაში სტრასბურგს ვერ ექნებოდა ვერანაირი პრეტენზია და რომ ეს მიზანმიმართულად არ გააკეთა კომისიის უმრავლესობამ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოხდა პროცესის ინსტრუმენტალიზაცია და რეალურად, კომისიის მიზანი არ იყო საუკეთესო კანდიდატების შერჩევა,”-  განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საიას თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნულ დონეზე ჩასატარებელი მორიგი კონკურსის შედეგად არჩეულ კანდიდატებს კვლავ დაიწუნებენ, თუკი კომისიის უმრავლესობა კვლავ პოლიტიკურად მოტივირებული იქნება:

“დღეს მინისტრმა თქვა, რომ კიდევ ჩატარდება ეროვნულ დონეზე კონკურსი. ამ კონკურსს არანაირი ეფექტი არ ექნება, თუ კომისია კვლავ უმრავლესობით დაკომპლექტდება სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების მხრიდან. პრობლემა არის არა ის, რომ საქართველოში არ არიან კვალიფიციური იურისტები, პრობლემა არის ის, რომ კომისია არ არჩევს ამ ადამიანებს და არჩევს მათ, ვინც ხელისუფლებისთვის არის მეტად მისაღები სხვებთან შედარებით. ასეთი მიდგომით ჩვენ მესამედაც, მეოთხედაც და მეათედაც გაგვიუქმდება სია,”-  განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ეროვნულ დონეზე აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

ეროვნულ დონეზე შესარჩევი პროცესის დასრულების შემდეგ კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, რომელშიც 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, განაცხადა, რომ კანდიდატების შემრჩევმა კომისიამ ვერ უზრუნველყო სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი