ახალი ამბები

შსს მიზანშეუწონლად მიიჩნევს საოკუპაციო ზონაში საზოგადოებრივ პატრულირებას

25 ივლისი, 2017 • 2578
შსს მიზანშეუწონლად მიიჩნევს საოკუპაციო ზონაში საზოგადოებრივ პატრულირებას

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შსს-ს წარმომადგენლები შეხვდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს, რომლებიც გეგმავენ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულ გადაადგილებას.

“ჩვენი უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.

საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და, ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

დღეიდან ყარაფილა – ბერშუეთის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირება დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ყოველდღიურად 3 ადამიანისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი დააკვირდება საოკუპაციო ძალების აქტივობას მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რაც მავთულხლართების და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადაადგილება-ინსტალაციას გულისხმობს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ქაცარავა ამბობს, რომ მოძებნიან ისეთ შემაღლებულ ადგილებს, საიდანაც სივრცე ყველაზე კარგად ჩანს და მონიტორინგს დაიწყებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი