ახალი ამბები

ბესელია: სტრასბურგის სასამართლოსთვის ევროპის საბჭო საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ეძებს

25 ივლისი, 2017 • 1504
ბესელია: სტრასბურგის სასამართლოსთვის ევროპის საბჭო საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ეძებს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, გაზრდილია ევროსასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი სტანდარტები.

ეკა ბესელია ასევე ამბობს, რომ საქართველოში შექმნილ კომისიას, რომელსაც ევალებოდა კანდიდატების შერჩევა, არ დაურღვევია ის კრიტერიუმები, რაც ევროპის საბჭომ დაადგინა.

“კომისიამ ის სტანდარტები და კრიტერიუმები, რაც დაადგინა ევროპის საბჭომ, ეს სტანდარტები შეასრულა. არც ასაკობრივი შეუსაბამობა არ არის და არც პირდაპირი მოთხოვნა არ არის, რომ მხოლოდ მოსამართლე უნდა იყოს კანდიდატი. ანუ, როდესაც კანდიდატებს აფასებდა მრჩეველთა საბჭო, სხვათა შორის, პროცედურასთან დაკავშირებით ჩაითვალა, რომ ყველა პროცედურა არის გავლილი კარგად, მაგრამ ლადო ჭანტურიას გამოცდილებიდან გამომდინარე – მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სამოსამართლეო საქმიანობის და ასაკიც, შედარებით – ჩათვალა, რომ იგივე ბატონი გეწაძის ასაკი სასურველი იყო, რომ ყოფილიყო უფრო მეტი, როდესაც საუბარია სტრასბურგის მოსამართლეზე. სამოსამართლო გამოცდილება- ქალბატონი ჯაფარიძის შემთხვევაში, რომელიც ასევე ჩაითვალა, რომ იქნებოდა უკეთესი, თუ იქნებოდა მის ძალიან კარგ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად ადამიანის უფლებების სფეროში. ანუ სტანდარტები არის ძალიან გაზრდილი. კომისიას არ დაურღვევია მოთხოვნები, მაგრამ, როგორც იტყვიან, სტრასბურგის სასამართლოსთვის ევროპის საბჭო ეძებს საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ეროვნულ დონეზე მკვეთრად აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი