ახალი ამბები

გერმანიაში ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებულს ქუთაისის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

25 ივლისი, 2017 • 3702
გერმანიაში ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებულს ქუთაისის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

შსს-ს ცნობით, გერმანიაში ჩადენილი მძიმე დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

2017 წლის 20 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.ჩ. დამნაშავედ ცნო გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 2013 წელს ჩადენილ დანაშაულებში – ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში.

გამოძიების ცნობით, გ.ჩ-მ და მისმა თანამზრახველმა ნ.ძ-მ, რომელსაც ამავე დანაშაულისთვის ნიურნბერგ-ფიურტის მიწის სასამართლოს მიერ გერმანიაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 2013 წლის ივნისში ქალაქ ნიურნბერგში 1928 წელს დაბადებული ა.მ-ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწიეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბინის მესაკუთრეს ხელ-ფეხი შეუკრეს და გაგუდეს. შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბინიდან სხვა ნივთებთან ერთად „როლექსის“ მარკის, 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს ცნობით, ძებნილი პირი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმალვაში იყო, კონსპირაციულად გადაადგილდებოდა, ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს, თუმცა 2016 წლის ნოემბერში თბილისში დააკავეს.

გ.ჩ. გერმანიაში ჩადენილი დანაშაულებისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცველები ამ საქმის გამძიების დროს ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ.

შსს-ს ცნობით, გერმანული მხარის მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე, შსს-მ გამოძიება ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე აწარმოა (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი