ახალი ამბები

ციანიდის საქმეზე სასამართლოში ტარას შავშიშვილი დაიკითხა

25 ივლისი, 2017 • 2348
ციანიდის საქმეზე სასამართლოში ტარას შავშიშვილი დაიკითხა

დღეს, 25 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი და განათლების პროფესიული “სინდიკატის” ყოფილი პრეზიდენტი ტატო (ტარას) შავშიშვილი დაიკითხა ე.წ. ციანიდის საქმეზე. შავშიშვილი საპატრიარქოს დაცვაში მუშაობდა მაშინ, როცა ამ სამსახურს სოსო ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა.

ეკა ლომიძის, ტარას შავშიშვილის ადვოკატის განცხადებით, შავშიშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ ციანიდის საკითხზე არასდროს უსაუბრია დეკანოზთან და მისთვის ნივთიერება არ გადაუცია. ასევე, არ მიუღია მონაწილეობა სასულიერო პირების დისკრედიტაციის მიზნით სტატიების შექმნაში:

“ტატო შავშიშვილმა კიდევ ერთხელ არ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს მისთვის ოდესმე უთხოვია ან გადაუცია ციანიდი. მსგავსი ინფორმაცია მან, რა თქმა უნდა, არ დაადასტურა.

ასევე იყი კითხვები იმასთან დაკავშირებით, მიუღია თუ არა მას მონაწილეობა ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნებაში, რაზეც ასევე მიიღო გამოძიებამ პასუხი, რომ მას არ მიუღია მსგავსი სტატიების მომზადებაში მონაწილეობა.”

ადვოკატის განცხადებით, შავშიშვილი ამბობს, რომ შეხვედრისას მამალაძეს ღვინო და სასულიერო პირის დამადასტურებელი ბარათი გადასცა.

“ტარას შავშიშვილმა ისიც კი უარყო, რომ ციანიდის საქმეზე საერთოდ საუბარიც კი  ჰქონდათ. რომ ციანიდს შორენა თეთრუაშვილი ეძებდა ან მსგავსი რამ.”

ლომიძის განცხადებით, გამოძიება ტენდენციურად ცდილობს, რომ ზეწოლა მოახდინოს მოწმეზე.

ლომიძის თქმით, დღევანდელმა მოწმემ ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ შორენა თეთრუაშვილი მამალაძის კარიერული წინსვლისთვის ხელის შემშლელი ვერ იქნებოდა. ასევე აღნიშნა, რომ იცნობს თეთრუაშვილს და მასთან დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა იყო საკითხები, რომლებზეც ვერ თანხმდებოდნენ.

ადვოკატის ინფორმაციით, შავშიშვილი მამალაძეს დაახლოებით ერთი წელია იცნობს და ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

მოწმის დაკითხვა გრძელდება. მას დაცვის მხარე უსვამს კითხვებს.

ვრცლად რომ გაეცნოთ ტარას შავშიშვილის ეპიზოდს ციანიდის საქმეში, დააკლიკეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი