ახალი ამბები

გიორგი ბურჯანაძე ევროსასამართლოს კანდიდატების დაწუნებაზე: ეს ნიშნავს კიდევ ერთ სირცხვილს

25 ივლისი, 2017 • 2275
გიორგი ბურჯანაძე ევროსასამართლოს კანდიდატების დაწუნებაზე: ეს ნიშნავს კიდევ ერთ სირცხვილს

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ლოგიკურია, რომ ევროსაბჭომ სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი ორი კანდიდატი ჩააგდო, რადგანაც ეროვნულ დონეზე კანდიდატების შერჩევის პროცესი უსამართლოდ წარიმართა.

ეროვნულ დონეზე შესარჩევი პროცესის დასრულების შემდეგ კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, რომელშიც 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, განაცხადა, რომ კანდიდატების შემრჩევმა კომისიამ ვერ უზრუნველყო სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურა.

“ბევრი ისეთი კანდიდატი ჩავარდა, რომლებიც იმსახურებდნენ მხარდაჭერას და სრულიად არალოგიკური შედეგებით დასრულდა. ამ არალოგიკური შედეგების ნათელი დადასტურება და შედეგი არის ის, რაც დღეს მივიღეთ, იმიტომ, რომ იქ კომისია რეალურად უყურებს, როგორ მიმდინარეობს კონკურსი, რამდენად სამართლიანია, რამდენად თანაბარმნიშვნელოვანი და ერთი და იმავე კალიბრის ადამიანები არიან წარდგენილი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ ეს სია ჩავარდა.

ეს ნიშნავს კიდევ ერთ სირცხვილს, მესამედ გვიწევს უკვე ერთი და იმავე საკითხის გარშემო კონკურსის გამოცხადება, სამი ღირსეული კანდიდატი ვერ წარვადგინეთ ორი წლის განმავლობაში, რომლის შესახებაც იმსჯელებდა. საბოლოო ჯამში, განხილვამდეც ვერ მიდის ის სია, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით – ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და, მგონი, ამაზე შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს ყველა იმ პირმა, ვინც იღებდა ამ პროცესში მონაწილეობას და ვინც ეს შერჩევის პროცედურა ყველანირად, სამართლიანობისგან დაცლილად გამოიყვანა და მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებამდე დაწია,”- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ორი კანდიდატის შემრჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს და ისეთი კომისია უნდა მივიღოთ, რომელიც მაქსიმალურად დაინტერესებული იქნება პროფესიულად და შემცირებული იქნება პოლიტიკოსების მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ეროვნულ დონეზე აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი