ახალი ამბებიეკონომიკა

როგორ ხვდება ბაზარზე დაავადებული თხილი – საფრთხეები და კონტროლის მექანიზმები

25 ივლისი, 2017 • 8904
როგორ ხვდება ბაზარზე დაავადებული თხილი – საფრთხეები და კონტროლის მექანიზმები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ აფლატოქსინებით დაავადებული თხილი საზღვარს ვერ კვეთს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაყოფში სოკოვანი დაავადება დასაშვებზე მეტი აღმოჩნდა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მცირე დოზით საშიში არ არის.

ევროკომისიის სურსათის უსაფრთხოებაზე სწრაფი განგაშის სიტემაში (RASFF) 2016 წელს საქართველოდან იმპორტირებულ თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე 9, ხოლო 2017 წელს 2 შეტყობინება ფიქსირდება. საქართველო არ ხვდება იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც იმპორტირებული თხილი გასულ წელს აფლატოქსინების შემცველობის გამო ყველაზე მეტჯერ არ დაუშვეს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

RASFF-ის 2016 წლის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, ამ წელს პროდუქციის წარმოშობის ქვეყნების მიხედვით აფლატოქსინების ყველაზე მეტი შემთხვევა თურქეთიდან (68), ირანიდან (56), ჩინეთიდან (49), აშშ-დან (45) და ეგვიპტიდან (32) მიღებულ თხილში იყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ წელს უხვი ნალექით გამოწვეულმა კლიმატურმა გარემომ შეუწყო ხელი თხილის სხვადასხვა ჯგუფის სოკოვანი ორგანიზმების გაჩენას.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარი აგრონომი რევაზ შონია ამბობს, რომ ამის მიუხედავად, საქართველოში მოყვანილ თხილში აფლატოქსინთან დაკავშირებით მძიმე მდგომარეობა არ არის და ეს პრობლემა ნებისმიერ თხილის მწარმოებელ ქვეყანაში დგას.

“ეს მავნებელი დაავადება ცნობილი იყო საუკუნეების წინაც. ის შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ პროდუქტში,” – ამბობს შონია.

მისი თქმით, ძირითადად ამ სახის სოკოს ხელშემწყობი არის მაღალი ტენიანობა. ის ბინადრობს ნიადაგში და ნიადაგიდან გადადის თხილში. აგრონობის თქმით, რაც უფრო დიდი ხანი იქნება თხილი ნიადაგთან შეხებაში, ანუ რაც უფრო სწრაფად არ მოხდება მისი აღება, აკრეფა ნიადაგიდან – მით უფრო იზრდება იმის საშიშროება, რომ აფლატოქსინით დაავადდება ნაყოფი.

“აღების შემდეგ თუ არ მოხდება მისი შრობა კარგად, შეიძლება მოხდეს გაუშრობელი თხილის ტომრებში ჩაყრა, რამაც შეიძლება აფლატოქსინით დაბინძურების მაჩვენებელი გაზარდოს. თუ ჯანსაღ თხილს სათანადოდ არ გავაშრობთ და მასში ტენის მაჩვენებლი იქნება დასაშვებზე მაღალი, არის საშიშროება, რომ ამ თხილში აფლატოქსინის მაჩვენებელმა აიწიოს,” – ამბობს რევაზ შონია.

შონიას განცხადებით, აღების პროცესში თხილის ნაჭუჭზე სოკოს შემჩნევა შედარებით რთულია. დაავადებული ნაყოფის გადარჩევა ხდება შემდეგ, დახარისხების პროცესში. წესით, ამ დროს უნდა გამოარჩიონ, რაც დამპალი და უვარგისია.

აგრონომებმა ჯერ არ იციან, როგორი იქნება თხილის ახალი მოსავალი. მოსავლის აღება განპირობებულია კლიმატური ფაქტორებით. თუ ისეთი სახის ამინდები შენარჩუნდა, როგორიც ამჟამადაა, თხილის აღება დაიწყება, სავარაუდოდ, 20-25 დღეში.

რევაზ შონია ადასტურებს, რომ აფლატოქსინები კანცეროგენულ ნივთიერებას წარმოქმნის ადამიანის ორგანიზმში და შესაძლებელია კიბოს ხელშემწყობი ფაქტორიც გახდეს, მაგრამ ამისათვის, მისი თქმით, საჭიროა, რომ ადამიანმა ძალიან დიდი რაოდენობით ჭამოს დაავადებული საკვები:

“შებოლილი ყველი და ხორცი ხომ გიჭამიათ? ამ პროდუქტშიც კვამლის გავლის შედეგად წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლებიც კანცეროგენულია. მაგრამ დაემართა ყველას კიბო? კიბოს ხელშემწყობი ბევრი რამეა. მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ერთი თხილის შეჭმა, მაგალითად, ღვიძლს აზიანებს, გადაჭარბებულია. მიღებული საკვების საერთო რაოდენობაზეა ყველაფერი დამოკიდებული,” – აცხადებს რევაზ შონია.

როგორ ხვდება დააავადებული თხილი ევროკავშირის საზღვარზე და რატომ აბრუნებენ მას უკან?

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მკაცრი შემოწმების გარეშე საქართველოს საზღვარს ტვირთი ვერ ლახავს. თენგიზ კალანდაძის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ვიდრე საბაჟო გამშვები პუნქტი არ მიიღებს შესაბამის ლაბორატორიულ დასკვნას, ტვირთს არ ეძლევა საზღვრის კვეთის უფლება.

თუმცა თენგიზ კალანდაძე აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, თხილის ტვირთიდან ყოველი პალეტი მოწმდება, შესაძლებელია სოკოვანი დაავადება ნაყოფს მგზავრობის დროს გაუჩნდეს და ფართოდ გავრცელდეს. ანუ თუ შემოწმებისას ტვირთში არ აღმოჩნდა აფლატოქსინები, ან აღმოჩენის შემთხვევაში ის არ აჭარბებდა დაშვებულ დონეს, ვიდრე სხვა ქვეყნის საზღვარს მიაღწევს, შესაძლოა დაავადება უფრო გავრცელდეს და ჯანსაღი ნაყოფიც დააავადოს.

ასევე აცხადებს, რომ ტვირთის გამობრუნების შესახებ მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, რადგან თუ შევადარებთ ამ მაჩვენებლებს სხვა თხილის ექსპორტიორი ქვეყნებისას, ის მაღალი არ არის. სხვა ქვეყნების თხილის ექსპორტი მოცულობითაც საქართველოსას აღემატება, მაგრამ, როგორც კალანდაძე ამბობს, ამ ქვეყნებს, მაგალითად, თურქეთს – კონტროლის უფრო დიდხნიანი გამოცდილება და დახვეწილი სისტემა აქვს, თუმცა ისინი მაინც ვერ ახერხებენ, რომ სრულად აირიდონ თავიდან დაავადებული თხილის ტვირთის  ქვეყნიდან გასვლა.

“თხილის ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქართული თხილის იმიჯი არ შეილახოს,” – ამბობს კალანდაძე.

საზღვრიდან უკან დაბრუნებული ტვირთის ბედს თავად მეპატრონე წყვეტს და, როგორც კალანდაძე ამბობს, უმეტეს შემთხვევაში ასეთი თხილისაგან ზეთს ხდიან, რაც მიღებული პრაქტიკაა, ან მას გადაურევენ ჯანსაღ თხილში ისე, რომ მისი შემცველობა დადგენილ დონეს არ აღებატებოდეს და ასე გააქვთ გასაყიდად, რაც ასევე, კალანდაძის ინფორმაციით, დასაშვებია.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ შეიმუშავეს რეკომენდაციები ფერმერებისათვის და წელს ახალი მოსავალი მკაცრ კონტროლს გაივლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი