ახალი ამბები

რესპუბლიკელები: პრემიერმა სასწრაფოდ უნდა გვიპასუხოს, რატომ გასცდა ის კონსტიტუციას

24 ივლისი, 2017 • 5024
რესპუბლიკელები: პრემიერმა სასწრაფოდ უნდა გვიპასუხოს, რატომ გასცდა ის კონსტიტუციას

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ სეკულარიზმის თაობაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება არაკონსტიტუციური და სახიფათოა.

ამის შესახებ სამნიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლის მიხედვით, ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან. ამავე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის „კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში“. აი, ასე მკაფიოდაა დაცული ინსტიტუციური სეკულარიზმი საქართველოს კონსტიტუციით”, – თქვა სამნიძემ.

მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ–სამართლებრივ მემკვიდრეობას, სადაც არა მხოლოდ სახელმწიფოს და ეკლესიის განცალკევებულობა და დამოუკიდებლობაა გამოცხადებული, არამედ 144-ე  მუხლის მიხედვით, „ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისთვის აკრძალულია“.

“საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან ინსტიტუციურად გამიჯნულია. ვის, რა რელიგიური მრწამსი აქვს, ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ სახელმწიფოს უფლებამოსილებაა ყველა მისი მოქალაქის თანასწორობის უზრუნველყოფა, განურჩევლად მისი რელიგიური მრწამსისა. ესაა სეკულარობის პრინციპი და არანაირი სხვა, კლასიკური თუ არაკლასიკური სეკულარობა არ არსებობს.

ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს სწორედ ინსტიტუციური სეკულარულობა წარმოადგენს, საქართველოს მოქალაქეების არჩევანია, ხოლო პრემიერ–მინისტრს არ აქვს მანდატი, ეჭვქვეშ დააყენოს ეს არჩევანი ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში, წლების განმავლობაში, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მახინჯი პრაქტიკა ჩამოყალიბდა. ამას ხელს უწყობდა ყველა ხელისუფლება. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალური ბიუჯეტიდან თუ სარეზერვო ფონდებიდან საპატრიარქოს პირდაპირი დაფინანსება,  უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის ფაქტები, სხვადასხვა კომერციული თუ არაკომერციული ფირმისთვის სიმბოლურ ფასად ან საჩუქრად გადაცემული მიწები – ეს ყველაფერი დიდი ხანია გასცდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ საკონსტიტუციო შეთანხმების ჩარჩოებს. ეს პრაქტიკა სულ უფრო მახინჯ ფორმებს იღებს და ამას უკვე ქვეყნის პირველი პირი ღიად აცხადებს – რაც პრაქტიკაში ხორციელდება, იმას იდეოლოგიურადაც ამყარებს.

მაგალითისთვის, მხოლოდ თბილისის საკრებულომ 2017 წლის იანვრიდან დღემდე საპატრიარქოს 16,590 კვ.მ ფართობის მიწა გადასცა სიმბოლურ ფასად. ხოლო 2015 მდგომარეობით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში, ჯამში, 16 742 987.82 კვ.მ. დაფიქსირდა (EMC-ის კვლევის მიხედვით)”, – ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.

ხათუნა სამნიძის პრესკონფერენცია © რესპუბლიკელების პრესსამსახური

ხათუნა სამნიძის პრესკონფერენცია © რესპუბლიკელების პრესსამსახური

მისივე თქმით, “დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში ქვეყნის არც ერთ პირველ პირს არ გაუკეთებია მსგავსი შინაარსის არაკონსტიტუციური განცხადება”.

“პრემიერმა სასწრაფოდ უნდა გვიპასუხოს, თუ რატომ გასცდა ის კონსტიტუციას. ხელისუფლებამ კი არსებითად უნდა გადახედოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ჩარჩოებს, დაფინანსების წესს და დაიცვას კონსტიტუცია – უზრუნველყოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთჩაურევლობა და დამოუკიდებლობა”.

სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე 34-ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა. სასტუმროს გახსნას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში სეკულარიზმი კლასიკური გაგებით უადგილოა:

“ჩვენი ერისთვის ჩვენს ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ჩვენს რწმენას ჩვენი ერისთვის არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა და ვფიქრობ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია და ამ მოდელის განმტკიცებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, სასტუმრო “სნოს” მოგება საქველმოქმედო მიზანს – სოფლის მოსახლეობის საჭიროებებს მოხმარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი