ახალი ამბები

ელოშვილი: “გაზპრომთან” 2 წლის შემდეგ კონტრაქტის უკეთესი პირობებით დადების საშუალება იქნება

24 ივლისი, 2017 • 1711
ელოშვილი: “გაზპრომთან” 2 წლის შემდეგ კონტრაქტის უკეთესი პირობებით დადების საშუალება იქნება

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ამბობს, რომ ორი წლის შემდეგ “გაზპრომთან” უკეთესი პირობების მიღწევის საშუალება ექნება საქართველოს. ეს კი იმ გაზსაცავის მშენებლობას უკავშირდება, რომელიც იგეგმება:

“დღეს მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ ორი წლის შემდეგ საქართველოს გაზსაცავი ექნება, სადაც დამატებითი ოდენობის გაზი იქნება აკუმულირებული. ჩვენ მეტი საშუალება გვექნება, კონტრაქტის უკეთეს პირობებს მივაღწიოთ. ვვარაუდობთ, რომ მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და ექსპლატაციაში 2020 წლის ბოლოს შევა”,- განაცხადა მინისტრმა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუს დროს. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  “გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც 2017  წელს გაფორმდა, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საქართველო ფულად ანაზღაურებას მიიღებს. აქამდე საქართველო გატარებული გაზის 10%-ს იღებდა.

ელოშვილმა აღნიშნულ ინტერვიუში ამ კონტრაქტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს იყო ოპტიმალური კონტრაქტი თავისი პირობებით:

“აუცილებელია ყველამ გაიგოს, რომ შეთანხმების პირობები არ გაუარესებულა. ჩვენი ოპონენტები ხშირად არწმუნებენ ადამიანებს, რომ წინა კონტრაქტი კარგ პირობებს გულისხმობდა და ჩვენ მათ გაუარესებას დავთანხმდით. მათ შემოგვთავაზეს და ითხოვდნენ, რომ იმ წესებზე გადავსულიყავით, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკითაა მიღებული. ქართულმა მხარემ გაითვალისწინა არსებული გარემოებები და რისკები, რომელიც ახალ კონტრაქტზე უარის შემთხვევაში იარსებებდა, და ამ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ – ახლა გადახდა ტრანზიტისთვის ფულის სახით ხდება. ეს შეთანხმება ორი წლის ვადითაა გაფორმებული და, ამავე დროს, ჩვენ უფრო ნაკლებად დამოკიდებული გავხდით რუსულ გაზზე.

ახალი კონტრაქტის ყველაზე პოზიტიური ასპექტი, ეს ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, რომ რუსეთისგან გაზი შევიძინოთ. თუ ჩვენ გაზის შეძენა შიდა დეფიციტის გამო დაგვჭირდება გაზპრომისგან, ასეც მოვიქცევით და  მოსახლეობას არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ შუქის და გაზის გარეშე. ახალი კონტრაქტის შედარება ძველთან პოპულისტური და არასწორი ნაბიჯია”,- განაცხადა ელოშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი