23 სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მის სისტემაში შემავალი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა სამინისტროს  14 აგვისტომდე უნდა მიმართონ.

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში 29 პროფესიული თეატრია. მიმდინარე წლის სექტემბერში 23 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მათ შორის არიან თბილისის შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრები, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი და ა.შ.

“პროფესიული სახელმწიფო თეატრების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრში − პროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.

ასევე კანდიდატურის წარდგენისთვის მოქმედებს სხვადასხვა წესი. წარდგენის უფლება აქვთ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საქმიანობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება, და თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით. ცალკეულ საინიციატივო ჯგუფს და პროფესიულ სახელმწიფო თეატრებს აქვთ მხოლოდ თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება. უფრო ვრცლად წარდგენის პირობებსა და წარმოსადგენ დოკუმენტაციაზე ინფორმაციის მიღება სამინისტროს გვერდზეა შესაძლებელი.

შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 14 აგვისტო, 17:00 საათამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატებს მინისტრს დასამტკიცებლად სარეკომენდაციო საბჭო წარუდგენს, რომლის შემადგენლობაშიც შემდეგი 4 წლის მანძილზე არიან მანანა ანთაძე, თამარ ბოკუჩავა, დავით ბუხრიკიძე, ლელა ოჩიაური, ნინო ხურცილავა და ვასილ ჯანიკაშვილი. პირველი საბჭო დაკომპლექტდა 2013 წელს და მათ უკვე ამოეწურათ მოქმედების ვადა.

“სარეკომენდაციო საბჭო განიხილავს მიღებულ განაცხადებს, შეარჩევს კონკურსის წესით და გადასცმეს მინისტრს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი და ნიშნავს სამხატვრო ხელმძღვანელებს პროფესიულ თეატრებში,” – აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი ზაზა სოფრომაძე.

მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი აცხადებს, რომ სარეკომენდაციო საბჭო არა მხოლოდ კონკრეტული კონკურსისათვის მუშაობს, არამედ 4 წლის განმავლობაში თეატრალური სფეროს შესახებ ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და სამინისტროს წარმომადგენელი ზაზა სოფრომაძე 24.07.17

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და სამინისტროს წარმომადგენელი ზაზა სოფრომაძე 24.07.17

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი