ახალი ამბები

უმრავლესობა ვეტოების დაძლევას აპირებს – “ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება”

24 ივლისი, 2017 • 1551
უმრავლესობა ვეტოების დაძლევას აპირებს – “ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება”

დღეს, 24 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელეს და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს მოუსმინეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს სიღრმისეულად კიდევ ერთხელ განიხილეს ყველა საკითხი და ვეტოს დაძლევის შესახებ უმრავლესობის გადაწყვეტილება გამართულია.

“ეს არ არის დაძლევა დაძლევისათვის, ისევე როგორც მგონია, რომ ვეტო ვეტოსათვის არ ყოფილა. სერიოზულად იფიქრა. დარწუნებული ვარ, პრეზიდენტმა. ვფიქრობ, პოლიტიკური პოზიცია ჩამოაყალიბა ამ საკითხებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილება ვეტოს დაძლევის თაობაზე არის გამართული ყველანაირად და არა მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით – ეს არის რაციონალური გადაწყვეტილბა მიღებული იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტი კი დარწმუნებულია, რომ ამ ორი კანონის მიღება ქვეყანაში დემოკრატიას გააუარესებს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ დღეს, ბიუროს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

“პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ძირითადად ეხება ორ საკითხს, ეს არის თვითმმართელობის სფეროში – 7 თვითმმართველო ქალაქისათვის თვითმართველობის სტატუსის ჩამორთმევა, და  არჩევნების სფეროში- ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მმართველ პარტიას. ჩვენი აზრით, ორივე ცვლილებას გასდევს ერთი მთავარი ხაზი – ის აუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში და წარმოადგენს უკან შემოტრიალებას თავად ოცნების მიღწევების, რომელიც მან განახორციელა 2012-2014 წლებში,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტოს მიზანია, რომ დეპუტატები და საზოგადოება ამ ცვლილების ნეგატიურ შედეგებზე დაფიქრდნენ:

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ვეტოს საშუალებით საქართველოს პარლამენტის წევრებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, იმ ხალხმა, ვინც ამ ქალაქებში ცხოვრობს, გაიაზროს ის საკმაოდ ნეგატიური მნიშვნელობა, რომელიც ამ ცვლილებებს მოაქვს. ეს ნაგატიური ცვლილებები, რომელიც დემოკრატიის ხარისხის გაუარესების თვალსაზრისით ამ შედეგებს მოჰყვება, ბუნებრივია, დადგება შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ისევე, როგორც დადგება საერთაშორისო პერსპექტივიდან გამომდინარე,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი