ახალი ამბები

მასობრივი საპროტესტო აქციები პოლონეთში და ევროკავშირისგან მოსალოდნელი სანქციები

24 ივლისი, 2017 • 2609
მასობრივი საპროტესტო აქციები პოლონეთში და ევროკავშირისგან მოსალოდნელი სანქციები

უკვე ერთ კვირაზე მეტია პოლონეთის ქალაქები მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა ხელისუფლების მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ასუსტებს. ამის გამო ევროკავშირმა პოლონეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს.

პოლონეთის მმართველმა მემარჯვენე-კონსერვატიულ-პოპულისტურმა პარტიამ “კანონი და სამართალი” (PIS), რომელიც პოლონელმა პოლიტიკოსმა ძმებმა, იაროსლავ და ლეხ კაჩინსკებმა 2001 წელს დააფუძნეს (პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი 2010 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა) და რომელიც პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში – სეიმში ამჟამად სრულ უმრავლესობას ფლობს,  მოამზადა და სეიმში უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლო სისტემაში, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით ყველა – 83 მოსამართლე გათავისუფლდება და მათი დანიშვნის უფლება ექნებათ მინისტრებს. ეს საკანონმდებლო ცვლილება პოლონეთის მთავრობას საშუალებას აძლევს, სრულად გააკონტროლოს სასამართლო სისტემა, მათ შორის საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა მთელი პოლონეთის მასშტაბით. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები პოლონეთს დემოკრატიულიდან ავტორიტარულ სახელმწიფობამდე აქცევს.

აქციის მონაწილეებს შეუერთდა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა. მისი თქმით, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა გადანაწილება, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების ჩამოყალიბება კანონმდებლობით იყო მისი სოლიდარობის მოძრაობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა და ამის გამო მოსახლეობას ამ მონაპოვრის დაცვისკენ მოუწოდა.

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ასევე გამოეხმაურა პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ “კანონის და სამართლის პარტიას” უკან მიჰყავს ქვეყანა.

საპროტესტო აქციების მონაწილეებმა პოლონეთის პრეზიდნეტს, ანჯეი დუდას მიმართეს კანონზე ვეტოს დადების მოთხოვნით. “კანონის და სამართლის პარტიაში” იმედი ჰქონდათ, რომ პრეზიდენტი, რომელიც სწორედ მათი პარტიიდან იყო ნომინირებული 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც გაიმარჯვა კიდეც, ვეტოს არ გამოიყენებდა, თუმცა დღეს, 24 ივლისს, დუდამ კანონს ვეტო დაადო.

მანამდე საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას, პოლონეთის ხელისუფლებას უკვე განცხადებებით მიმართეს აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მათ პოლონეთის მთავრობას ქვეყნის კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდეს.

ევროკავშირში პოლონეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების გამოყენებაზე ალაპარაკდნენ. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ ის მიესალმება ევროკავშირის სანქციებს. მისი თქმით, “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა პოლონეთში საფრთხეშია”.

თუმცა ცხადი არ არის, რამდენად შეძლებს ევროკავშირი სანქციების ამოქმედებას პოლონეთის წინააღმდეგ, ვინაიდან უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დაიცავს პოლონეთს ევროკავშირის სანქციებისგან.

პროტესტი ვარშავაში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან სასამართლოს შესახებ ახალი კანონის წინააღმდე 23/07/017. ფოტო: EPA/BARTHOMIEJ ZBOROWSKI

პროტესტი ვარშავაში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან სასამართლოს შესახებ ახალი კანონის წინააღმდე 23/07/017. ფოტო: EPA/BARTHOMIEJ ZBOROWSKI

პროტესტი ვარშავაში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან სასამართლოს შესახებ ახალი კანონის წინააღმდე 23/07/017. ფოტო: EPA/BARTHOMIEJ ZBOROWSKI

პროტესტი ვარშავაში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან სასამართლოს შესახებ ახალი კანონის წინააღმდე 23/07/017. ფოტო: EPA/BARTHOMIEJ ZBOROWSKI

მასალების გადაბეჭდვის წესი