ახალი ამბები

რომან გოცირიძე: სეკულარიზმზე პრემიერის განცხადება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

24 ივლისი, 2017 • 2566
რომან გოცირიძე: სეკულარიზმზე პრემიერის განცხადება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის 23 ივლისის განცხადება სეკულარიზმთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურია.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ სნოში სასტუმროს გახსნაზე განაცხადა, რომ “მიუხედავად იმისა, დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა”.

გოცირიძის თქმით, პრემიერის ეს განცხადება ნიშნავს, რომ საქართველო ნახევრად სეკულარული სახელმწიფოა:

“პრემიერ-მინისტრის განცხადება ეწინააღმდეგება საქართვველოს კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ საქართველო არის სეკულარული, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ეკლესია გამიჯნულია სახელმწიფოსგან. პრემიერის განცხადება ნიშნავს, რომ საქართველო თურმე ყოფილა თეოდემოკრატიული სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ნახევრად სეკულარული სახელმწიფო, ან ჰქონია სურვილი, რომ მას საქართველო ეხილა ამ ფორმით. ნორმალურ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება იქნებოდა მისი გადადგომის და იპიჩმენტის საგანი,”-  განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი