ახალი ამბები

“ქართული მარშის” წევრებმა მსვლელობას ბოთლები და კვერცხები დაუშინეს

23 ივლისი, 2017 • 3643
“ქართული მარშის” წევრებმა მსვლელობას ბოთლები და კვერცხები დაუშინეს

ქსენოფობიური მოძრაობის “ქართული მარშის” წევრებმა აღმაშენებლის გამზირზე “ევროპული საქართველოსა” და “რესპუბლიკური პარტიის” ერთობლივი აქცია-მსვლელობის მონაწილეებს კვერცხები, ბოთლები და ქვები დაუშინეს. ისინი მსვლელობის მონაწილეების მისამართით იგინებოდნენ.  აქცია-მსვლელობის მონაწილე ქალს კი თავში ქვა მოარტყეს. ასევე ამბობდნენ, რომ საპირისპირო მხრიდანაც ისროლეს შუშის ბოთლი.

აქვე იმყოფებოდნენ “ქართული მარშის” ის ორგანიზატორებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აქციას არ დაესწრებოდნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ, იმისათვის მოვიდნენ, რომ მოძრაობის წევრებისთვის დაშლისაკენ მოეწოდებინათ.

დღეს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პარტია “ევროპულ საქართველო” აქცია-მსვლელობას, სახელწოდებით “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში” მართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ აქციის მიზანი რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩატარებული “ქართული მარშისა” და მისი ორგანიზატორების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური და ფაშისტური განცხადებების დაგმობაა. აქციას “რესპუბლიკური პარტია” შეუერთდა.

რესპუბლიკური პარტიის წევრის, ხათუნა სამნიძის თქმით, ისინი აქციას უერთდებიან, რადგან ის ფაშიზმის წინააღმდეგაა მიმართული და ამბობს, რომ “ზიზღით ეს ქვეყანა ვერ აშენდება”.

ამ აქცია-მსვლელობის საპასუხოდ 20 ივლისს “ქართული მარშის” ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინიც გამართავენ იმავე ადგილზე კონტრაქციას

დღეს საქართველოს მართლამიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ ორივე მხარეს აქციების გაუქმებისაკენ მოუწოდა. მოწოდება მხოლოდ “ქართული მარშის” წევრთა ერთმა ნაწილმა გაითვალისწინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი