ახალი ამბები

სანდრო ბრეგაძე: მე ყოველთვის ვემორჩილები პატრიარქს

23 ივლისი, 2017 • 3977
სანდრო ბრეგაძე: მე ყოველთვის ვემორჩილები პატრიარქს

ქსენოფობიური მოძრაობა “ქართული მარში” დღეს, 23 ივლისს აქციას აღარ გამართავს. ამის შესახებ ერთ-ერთი ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“მე ყოველთვის ვემორჩილები პატრიარქს!!!”- წერს ბრეგაძე

23 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე “ევროპულ საქართველოს” უკვე რამდენიმე დღეა დაანონსებული აქვს აქცია-მსვლელობა, სახელწოდებით “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში”, რომლის მიზანია რამდენიმე დღის წინ თბილისში ე.წ. ქართული მარშის მსვლელობის, ასევე, მისი ორგანიზატორების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური და ფაშისტური განცხადებების დაგმობა. ამის საპასუხოდ 20 ივლისს ე.წ. ქართული მარშის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინიც გამართავენ იმავე ადგილზე კონტრაქციას.

აქციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც “ევროპულ საქართველოს” და “ქართლ მარშს” დღეს, 23 ივლისს დაგეგმილი აქციების გაუქმებისკენ მოუწოდა.

“როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღეს თბილისში შეიქმნა საშიშროება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებისა. მოვუწოდებთ ,,ქართული მარშის“ და ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“  ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბრეგაძის განცხადების მიუხედავად, მარჯანიშვილის გამზირზე შეკრებილია ე.წ. ქართული მარშის წევრების მცირე ნაწილი, რომლებიც ასევე აცხადებენ, რომ ემორჩილებიან ილია მეორის მოწოდებას.

ე.წ. ქართული მარშის წევრები და პოლიცია ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ე.წ. ქართული მარშის წევრები და პოლიცია ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ასევე ცნობილი გახდა, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე სოფელ სნოში ქსენოფობიური მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც თავად პატრიარქი სასტუმროს გახსნას დაესწრო. ამ შევედრაზე იმყოფებოდა სანდრო ბრეგაძეც. შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას ე.წ. ქართული მარშის კიდევ ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი ავრცელებს.

ილია მეორისა და ე.წ. ქართული მარშის წევრების შეხვედრა სნოში. ფოტო: ლადო სადღობელაშვილი

ილია მეორისა და ე.წ. ქართული მარშის წევრების შეხვედრა სნოში. ფოტო: ლადო სადღობელაშვილი

ე.წ. ქართული მარში თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს გაიმართა, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ საქართველო დატოვონ არალეგალურმა მიგრანტებმა უცხო ქვეყნებიდან. აქციის ორგანიზატორები მიმართავდნენ ქსენოფობიურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მათი რამდენიმე წევრი, მათ შორის გია კორკოტაშვილი, რამდენიმე დღის წინ პოლიციაში გამოკითხეს, ვინაიდან ფეისბუკში გაუპატიურებით დაემუქრნენ თათია დოლიძეს, რომელმაც ისინი ასევე ფეისბუკში გააკრიტიკა. ამასთან დაკავშირებით 19 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვეს გაუპატიურების მუქარის შემცველი განცხადებების ავტორების დასჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი