ახალი ამბები

საპატრიარქო “ევროპულ საქართველოს” და “ქართულ მარშს” აქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს

23 ივლისი, 2017 • 2028
საპატრიარქო “ევროპულ საქართველოს” და “ქართულ მარშს” აქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს

საპატრიარქო “ევროპულ საქართველოს” და ე.წ. ქართულ მარშს დღეს, 23 ივლისს დაგეგმილი აქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

“როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღეს თბილისში შეიქმნა საშიშროება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებისა. მოვუწოდებთ ,,ქართული მარშის“ და ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“  ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

23 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე “ევროპულ საქართველოს” უკვე რამდენიმე დღეა დაანონსებული აქვს აქცია-მსვლელობა, სახელწოდებით “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში”, რომლის მიზანია რამდენიმე დღის წინ ე.წ. ქართული მარშის მსვლელობის, ასევე, მისი ორგანიზატორების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური და ფაშისტური განცხადებების დაგმობა. ამის საპასუხოდ 20 ივლისს ე.წ. ქართული მარშის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინიც გამართავენ იმავე ადგილზე კონტრაქციას. მარშის მონაწილეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან აღმაშენებლის გამზირზე მდებარე რკინიგზელთა სახლთან.

ე.წ. ქართულმა მარშმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს ქსენოფობიური აქცია-მსვლელობა გაიმართა, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ საქართველო დატოვონ არალეგალურმა მიგრანტებმა უცხო ქვეყნებიდან. აქციის ორგანიზატორები მიმართავდნენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მათი რამდენიმე წევრი, მათ შორის გია კორკოტაშვილი, რამდენიმე დღის წინ პოლიციაში გამოკითხეს, ვინაიდან ფეისბუკში გაუპატიურებით დაემუქრნენ თათია დოლიძეს, რომელმაც ისინი ასევე ფეისბუკში გააკრიტიკა. ამასთან დაკავშირებით 19 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვეს გაუპატიურების მუქარის შემცველი განცხადებების ავტორების დასჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი