ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის რეკომენდაციაა, ჟურნალისტებმა მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანის ინტერესებს

23 ივლისი, 2017 • 4861
ალიევის რეკომენდაციაა, ჟურნალისტებმა მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანის ინტერესებს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა ნაწილისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწემ საზოგადოებრივ პოლიტიკურ საკითხებში, ალი ჰასანოვმა განცხადება გააკეთა.
“პრეზიდენტის რეკომენდაციაა, მხოლოდ სიმართლე წერონ ჟურნალისტებმა, მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანის ინტერესებს ქვეყნის შიგნით და გარეთ; ანტიაზერბაიჯანულ პროპაგანდას ებრძოლონ”.
ალი ჰასანოვი ამბობს, რომ ჟურნალისტთა შორის “არიან ისეთებიც, ვისაც ამ პროფესიისთვის ზიანი მოაქვს და ანტიაზერბაიჯანული საქმიანობით არის დაკავებული”.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ჟურნალისტებისთვის აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ “აზერბაიჯანში ათასობით მედიაორგანიზაცია არსებობს, რომელიც საზოგადოებისთვის ყველა მნიშვნელოვან პრობლემას აშუქებს და საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს”.

ამასთან, აზერბაიჯანში თავისუფალი ჟურნალისტების დევნამ განსაკუთრებით ბოლო წლებში სისტემური ხასითი მიიღო. ალიევის რეჟიმმა არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააპატიმრა და სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედიაორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და საქმიანობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გაეგრძელებინათ. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი აფგან მუხთარლია, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტისა და მოთხოვნების მიუხედავად, მისი გატაცების საქმე ქართულ მხარეს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი