ახალი ამბები

სტუდენტების პროტესტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების გამო

24 ივლისი, 2017 • 4163
სტუდენტების პროტესტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების გამო

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, არ შეეხოთ ის ბრძანება, რომლის მიხედვითაც უკრაინაში, ბელარუსსა და რუსეთში განათლებამიღებულ კლინიკური ორდინატურის სტუდენტებს საქართველოში დამატებითი გადამზადება და გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

საქმე ეხება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 28 ივნისის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, იმ სტუდენტებმა, რომლებმაც იმ ქვეყნებში მიიღეს დიპლომისშემდგომი განათლების ხანგრძლივობა, სადაც ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, უნდა ჩააბარონ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, გაიარონ არანაკლებ 6-12=თვიანი სასწავლო კურსი და ამ ყველაფრის შემდეგ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა.

ქრისტი ქობულაძე ბელარუსში ერთი წელია სწავლობს კლინიკურ ორდინატურაზე, იგი აპირებდა, რომ 2018 წლის სექტემბერში საქართველოში დაბრუნებულიყო და თავისი პროფესიით მუშაობა დაეწყო, თუმცა ახლა მას დამატებით სწავლა მოუწევს.

ქრისტი ქობულაძე ამბობს, რომ იგი არ მოითხოვს, მინისტრმა ბრძანება გააუქმოს, არამედ სამართლიანი იქნება, რომ ეს ბრძანება, რომელიც მინისტრმა ერთი თვის წინ გამოსცა, არ გავრცელდეს იმ სტუდენტებზე, რომლებიც უკვე სწავლობენ.

ქრისტი ქობულაძე ამბობს, რომ სტუდენტები არავის გაურფთხილებია იმის შესახებ, რომ ასეთი ბრძანება ძალაში შევიდოდა. ქრისტის თქმით, იგი და მასთან ერთად სხვა სტუდენტები სამინისტროს რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობენ:

[checklist]

  • არ შეეხოს რეგულაცია იმ ორდინატორებს, რომლებიც სასწავლო პროცესში ჩაერთვნენ აღნიშნული დადგენილების მიღებამდე.
  • ორდინატურის დასრულების შემდეგ, მიეცეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება და იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ გადალახავს ბარიერს, გაიაროს დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსი.
  • ორდინატურის დასრულების შემდეგ, გავიდეს ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიეცეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება, ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში გაიაროს დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსი (რეგულაციით გათვალისწინებული სქემის მიხედვით).

[/checklist]

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილის, პაატა ბუკიას თქმით, ამ ბრძანების ამოქმედების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ საქართველოში მოქმედ რეზიდენტურის პროგრამებსა და რუსეთში მოქმედ კლინიკურ ორდინატურას შორის დიდი სხვაობა იყო. საქართველოში მოქმედი პროგრამები 3-დან 6 წლამდე გრძელდება, კლინიკური ორდინატურა კი ორწლიანი პროგრამაა.

სხვაობა კიდევ ისაა, რომ რეზიდენტურის პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი ვალდებულია დიპლომის შემდეგ გამოცდა ჩააბაროს, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, სადაც ადგილები ლიმიტირებულია სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით. ეს პრინციპები კი არ იყო გათვალისწინებული კლინიკური ორდინატურის პროგრამაგავლილი სტუდენტებისთვის.

პაატა ბუკიას მიაჩნია, რომ ეს გარემოება საქართველოში განათლებამიღებულ სტუდენტებს რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში განათლებამიღებულ სტუდენტებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებდა.

პაატა ბუკია ამბობს, რომ ამ ცვლილების შემდეგ რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში განათლებამიღებულ სტუდენტებს შეღავათები მაინც უნარჩუნდებათ:

მათი ორწლიანი პროგრამები ჩაითვლება გავლილად და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მოუწევთ გადამზადების გავლა.

ისინი ვალდებული იქნებიან, რომ დიპლომისშედგომი გამოცდა ჩაბარონ და იმისთვის, რომ გადამზადება გაიარონ, საკმარისი იქნება ბარიერის გადალახვა, მინიმალური მაჩვენებლის მიღება მაშინმ როცა საქართველოში რეზიდენტურის პროგრამის სტუდენტებს ბარიერის გადალახვა არ ყოფნით პროგრამაში მოსახვედრად.

“რეზიდენტების მზადება ლიმიტირებულია – დაწესებულებების და აკადემიური პერსონალის რესურსი არ იძლევა იმის პირობას, რომ რამდენიც ჩააბარებს რეზიდენტურაში, ჩაირიცხოს. ვინც კლინიკურ ორდინატურას ჩააბარებს და ჩამოვა საქართველოში, გამონახეს ინსტიტუციური რესურსი, რომ დაწესებული კვოტის გარეთ დამატებითი რესურსი აღმოეჩინათ და ხელი შეეწყოთ, შეუფერხებლად დამატებითი მზადების პროგრამა გაევლოთ”, – ამბობს ბუკია.

მისივე თქმით, რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში კლინიკური რეზიდენტურის პროგრამაგავლილი სტუდენტიდან ბევრი ძალიან “ყოჩაღი და მონდომებულია, მაგრამ უმეტესობის მომზადების დონე არაა დამაკმაყოფილებელი, ჩვენ ხომ გამოცდების ანალიზს ვაკეთებთ.”

კითხვაზე, რატომ შეეხო ეს ცვლილება ამ სტუდენტებს, პაატა ბუკია ამბობს, რომ რეფორმის პროცესს, როდესაც ვინმესთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას იღებენ, ყოველთვის ახლავს უკმაყოფილება. მას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი