ნარმანია არ გამორიცხავს, რომ პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდეს

თბილისის მერი დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდეს. მერის თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს.

„არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ამასთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ გაკეთდეს ცალკე ავტობუსების ხაზი, სადაც ავტობუსი უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდება. ვმუშაობთ ასევე ველობილიკებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე მოვამზადეთ გამწვანების კომპონენტი და პეკინის გამზირზე მწვანე ნარგავები დაირგვება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შესახებ დავით ნარმანიამ დღეს, 22 ივლისს პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში მორიგი სამუშაო სხდომის გამართვის შემდეგ განაცხადა.

დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვალა. იქ, სადაც მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაო დასრულდა, ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყო.

„თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით და ვადევნებთ თვალყურს სამუშაოების მიმდინარეობას. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ თვის ბოლომდე ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდება, მოძრაობას გადავრთავთ მარცხენა მხარეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე მონაკვეთზე დაიწყება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი 10 სექტემბერს დასრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com