ახალი ამბები

არასამთავრობოები მოელიან, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივება უარყოფითად იმოქმედებს თბილისზე

22 ივლისი, 2017 • 2550
არასამთავრობოები მოელიან, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივება უარყოფითად იმოქმედებს თბილისზე

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „იარე ფეხით“ , „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“ და „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აცხადებენ, რომ პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება უარყოფითად იმოქმედებს მცხოვრებლებსა და იქ მდებარე ბიზნესობიექტებზე.

სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თბილისში სატრანსპორტო გეგმის არარსებობის პირობებში, პეკინის ქუჩაზე საავტომობილო ნაკადებისთვის ცალმხრივი მიმართულების დაწესება მნიშვნელოვნად შეცვლის სატრანსპორტო მოძრაობას  ქალაქში.

ორგანიზაციები მიმართავენ მერიას, რომ  დაგეგმილი ცვლილები დაინტერესებული მხარეებისა და სპეციალისტების ჩართულობით დამატებით შეისწავლონ და შედეგები საზოგადოებას გააცნონ.

პეკინის ქუჩა ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ცოცხალი ქუჩაა. მოსალოდნელია, რომ დაგეგმილი ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ ქუჩის მცხოვრებლებსა და ქვეითებზე, არამედ მასზე განლაგებულ ბიზნესობიექტებზეც”, – წერია ორგანიზაციების განცხადებაში.

მათ მიაჩნიათ, რომ ცალმხირივი მოძრაობის დაწესების საკითხი უნდა შეისწავლონ ტრანსპორტის სპეციალისტებმა, ურბანისტებმა, გენგეგმის ჯგუფის წარმომადგენლებმა და ინჟინრებმა. მათთან ერთად სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც უნდა შეეძლოთ მონაწილეობის მიღება,

გაცალმხრივების შემთხვევაში მიზანშეწონილია განივი კვეთის ქუჩებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების- როგორც ქვეითების, ისე მძღოლების- გადაადგილების შესაძლო მარშრუტების სიღრმისეული ანალიზი, აცხადებენ ორგანიზაციები.

სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ განიერ ქუჩაზე ცალმხრივი მიმართულების დაწესების შემდეგ იმატებს ავტომობილების რაოდენობა, სიჩქარე და ინტენსივობა, ისევე როგორც იზრდება ხმაური, ვიბრაცია და ჰაერის დაბინძურების დონე, ხოლო ტროტუარებზე  მცირდება ქვეითების რაოდენობა.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ქალაქების დაგეგმარების მსოფლიოში აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით, მჭიდროდ დასახლებულ, დატვირთულ  და განიერ ქუჩებზე პრიორიტეტი უნდა გახდეს საფეხმავლო ზონების გაფართოება, უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა,  სწრაფი ავტობუსების ხაზის გამოყოფა და ავტობუსების გაჩერებების მოწყობა,  ასეთ ქუჩებზე მაქსიმალურად იზღუდება პარკირება და ის ფასიანია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი