თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა სახელწოდებით "ქართველთა მარში" მოეწყო. 14.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

კორკოტაშვილმა “რაინდული ბოდიში” უკან წაიღო – დაპირისპირება “იბერიის” ეთერში

დღეს, 21 ივლისს, ტელეკომპანია “იბერიის” პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას გია კორკოტაშვილმა “ფეისბუკში” დაწერილი მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო “რაინდული ბოდიში” მოიხადა და “ღმერთს პატიებას სთხოვს”, თუმცა ამავე ეთერში მყოფმა თათია დოლიძემ მისი ბოდიში არ მიიღო.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას ასეთი ფორმა არ აქვს და გია კორკოტაშვილისგან სხვანაირად ელოდა საჯარო ბოდიშს.

კორკოტაშვილი გადაცემა “ფაბრიკაში” ტელეფონით კიდევ ერთხელ ჩაერთო, რადგან თათია დოლიძის განცხადებები არ მოეწონა და თავისი “რაინდული ბოდიში” უკან წაიღო, ხოლო “რუსეთის აგენტად” მოხსენიების გამო დოლიძეს აქეთ მოსთხოვა ბოდიშის მოხდა.

“ქართველთა მარშის” ერთ–ერთი ორგანიზატორი თათია დოლიძეს პირდაპირ ეთერში დაჰპირდა, რომ მალე მის საწინააღმდეგო დოკუმენტებს წარადგენდა და სამართლებრივად გააგრძელებდა ბრძოლას.


20 ივლისს თბილისის მთავარ სამმართველოში გია კორკოტაშვილი, რამდენიმე მის თანამოაზრესთან ერთად, თათია დოლიძის მისამართით რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ მუქარის შემცველი კომენტარების გამო გამოიკითხა.

19 ივლისს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გამართა, რომელიც 14 ივლისს გამართული ქსენოფობიური მარშისა და მისი ორგანიზატორების მხრიდან ქალის მიმართ ძალადობრივი განცხადებების საპასუხოდ ჩაატარეს.

16 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში “ქართველთა მარშის” ორგანიზატორების მხრიდან მუქრისშემცველი კომენტარების გამო გამოძიება დაიწყო.

15 ივლისს სოციალურ ქსელში კონსტანტინე მორგოშიას პოსტზე, ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ, თათია დოლიძის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები წაიშალა, ხოლო გია კორკოტაშვილი და მისი თანამოაზრეები “ფეიქ” ანგარიშებისა და “ფეისბუკის” გატეხვის შესახებ ალაპარაკდნენ. მოგვიანებით, თავად გია კორკოტაშვილმა დაადასტურა, რომ კომენტარები მისი დაწერილია. როგორც მან განაცხადა, ეს სიტყვები “სლენგის” მნიშვნელობით გამოიყენა და არა პირდაპირი მნიშვნელობით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.