ზაზა ზაზაშვილი. ფოტო: თელავის საკრებულო

სუს: დაკავებულია საკრებულოს წევრი, რომელმაც უცხოელს მიწის სანაცვლოდ ქრთამი მოსთხოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარე ზაზა ზაზაშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რომ ზაზა ზაზაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 აშშ დოლარის გადახდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ზაზა ზაზაშვილმა მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 15 000 აშშ დოლარი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩაარიცხინა საკუთარ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ორივე საქმეზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ვინ არის დაკავებულო

ზაზა ზაზაშვილი – საჯარო მოხელედ თელავის რაიონში 2002 წლიდან მუშაობს. 2006 წლამდე გახლდათ სოფელ რუისპირის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006–07 წლებში კი, ამავე სოფლის ტერიტორიული მართვის ორგანოს – რწმუნებულის მოადგილე; 2010–2014 წლებში ზაზა ზაზაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ასევე, სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გახლდათ. 2014 წლის 2 აგვისტოს ზაზაშვილი კვლავ აირჩიეს საკრებულოს წევრად და დღემდე თელავის საკრებულოს დეპუტატის სტატუსი ჰქონდა.

ზაზა ზაზაშვილი. ფოტო: თელავის საკრებულო

ზაზა ზაზაშვილი. ფოტო: თელავის საკრებულო

დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.