ახალი ამბებისამართალი

აკაკი წერეთელი და გიორგი ნარიმანიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

21 ივლისი, 2017 • 7583
აკაკი წერეთელი და გიორგი ნარიმანიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეს ქალაქ რუსთავში მათ მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

სუს–ის ცნობით, ბრალდებულებმა აღნიშნულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ქრთამის სახით გადაცემული თანხა – 7000 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ორივე საქმეზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი