ახალი ამბები

ადვოკატი: ეჭვი გვაქვს, რომ პროკურატურა თავს არიდებს ოხანაშვილის დაკითხვას

21 ივლისი, 2017 • 2159
ადვოკატი: ეჭვი გვაქვს, რომ პროკურატურა თავს არიდებს ოხანაშვილის დაკითხვას

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დაცვის მხარეს ჰქონდა ვარაუდი, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის დაკითხვას პროკურატურა თავს არიდებდა, რაც ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან სოსო ოხანაშვილი მზად არის “სკაიპით” დაიკითხოს.

“სოსო ოხანაშვილის დაკითხვაზე ეჭვები გვიჩნდებოდა პროკურატურის მიმართ, რომ ისინი ცდილობდნენ თავი აერიდებინათ მის დაკითხვას. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა. გადავამოწმეთ მისი დაკითხვის საკითხი და მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ – ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის მზად არის ჩაერთოს სკაიპით,” – განაცხდა გიორგი ფანცულაიამ.

რაც შეეხება ჭყონდიდის მიტროპოლოტის დაკითხვას, ადვოკატის თქმით, პეტრე ცაავამ დაადასტურა ერთი ფაქტი, რომ ის არც ერთი მხარის მოწმე არ არის, განსხვავებით პროკურატურის მიერ სასამართლოში მიყვანილი წინასწარ დამუშავებული მოწმეებისგან.

“მეუფე პეტრესთვის ამოცანა არ იყო, რომელიმე მხარისათვის სასურველი პასუხები გაეცა. მან მაქსიმალურად ჭეშმარიტი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს იმისთვის, რომ მოსამართლეს ამ საკითხზე ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა გაუადვილდეს. აქედან გამომდინარე, გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს, მან რამდენიმე ფაქტი ნამდვილად იცოდა, რომ მამა გიორგი მამალაძე იკვლევდა ქონებრივ საკითხებს, მათ შორის სულხან მოლაშვილის სახლთან დაკავშირებით. ასევე მან თქვა, რომ ის ფლობს საპატრიარქოში არსებულ სიტუაციას, მათ შორის, შორენა თეთრუაშვილის მოქმედებებს საპატრიარქოში, თუ ვის, რა დავალებებს აძლევს ის და ა.შ.” – განაცხადა ფანცულაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი