ახალი ამბები

პროკურორი: მეუფე პეტრე შეურაცხყოფებს გვაყენებდა, რის გამოც მოსამართლემ გააფრთხილა

21 ივლისი, 2017 • 3552
პროკურორი: მეუფე პეტრე შეურაცხყოფებს გვაყენებდა, რის გამოც მოსამართლემ გააფრთხილა

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დაკითხვის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ მისი საჯაროდ გაკეთებული გნცხადებები იყო ჭყონდიდის მიტროპოლიტის სუბიექტური მოსაზრებები, როგორც დაინტერესებული მხარის. მისი თქმით, მეუფე პეტრე პროკურორებს შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც მოსამართლემ გაფრთხილება მისცა.

”მეუფე პეტრეს საჯარო განცხადებები საპატრიარქოში თითქოსდა არსებულ დარღვევებზე, შორენა თეთრუაშვილის ჩრდილოვან მმართველობაზე, ბრალდებულის მსხვერპლად წარმოჩინებაზე, დღევანდელ სასამართლოზე ნათლად გამოჩნდა, რომ ეს იყო მეუფის, როგორც დაინტერესებული მხარის სუბიექტური მოსაზრებები,”- განაცხადა პროკურორმა მიტროპოლიტის დაკითხვის შემდეგ.

ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პეტრე ცაავამ ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი და მტკიცებულება თავისი განცხადებების დასტურად ვერ წარმოადგინა:

“უფრო მეტიც, გამოჩნდა, რომ ის არის დაინტერესებული მხარე, რამეთუ მან პირადად აუყვანა ბრალდებულს ადვოკატი. მის ჩვენებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს. დარჩა რამდენიმე კითხვის ნიშანი მეუფესთან მიმართებით: არც ერთი ობიექტური პირი დაიჯერებს, რომ ოქრომჭედლისთვის ეძებდა ბრალდებული ციანიდს, კეთილი მიზნებით. თან ეს ვერსია სრულად გამოირიცხა. რატომ ცდილობს მეუფე პეტრე დახატოს განსხვავებული სურათი ოქრომჭედელთან დაკავშირებით, რატომ ცდილობს გამოძიების დღიდან მეუფე პეტრე, რომ ნებისმიერი ხერხით ხელი შეუწყოს ბრალდებულს, თავი დააღწიოს ამ მძიმე დანაშაულს. რა დგას ამის უკან? ეს კითხვები არსებობს.”

როგორც პროკურორი ამბობს, მან მიტროპილიტ პეტრე ცაავას ასეთი შინაარსის კითხვა დაუსვა:

“როდესაც ბრალდებული აცხადებს, რომ ვისთვისაც ციანიდი უნდოდა, ის პიროვნება ტკბილს არ მიირთმევს, როდესაც ბრალდებული ინტერესდება, ექსპერტიზა დაადგენს თუ არა მსხვერპლის ორგანიზმში ციანიდის კვალს, რა შუაშია ამ ყველაფერთან ოქრომჭედელი?”

ჯარჯი წიკლაურის გნცხადებით, აღნიშნულ კითხვას მიტროპილიტმა პეტრემ ვერ უპასუხა.

”უფრო მეტიც, ის გარკვეულ შეურაცხყოფასაც კი გვაყენებდა პროკურორებს. მოსამართლემ მას ამის გამო გაფრთხილებაც მისცა და განუმარტა, რომ დააჯარიმებდა ამის გამო. შესაბამისად, მისი ყველა მოსაზრება იყო სუბიექტური,” – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი