ალექსანდრ ლაპშინი; ფოტო: კავკაზსკი უზელის გვერდიდან

აზერბაიჯანმა ალექსანდრ ლაპშინს ყარაბაღში ვიზიტის გამო 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ბაქოს სასამართლომ ლაპშინი აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა და საერთო რეჟიმის კოლონიაში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, სასამართლომ ვერ დაადასტურა ლაპშინის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოწოდებების ბრალდება.

19 ივლისს, სასამართლოში გამოსვლის დროს, ლაპშინმა მწუხარება გამოთქვა მთიან-ყარაბაღში ვიზიტისა და “იმ მორალური ზიანისთვის, რომელიც მან აზერბაიჯანის მოქალაქეებს თავისი მასალებით უნებლიე ზიანი მიაყენა”.

აზერბაიჯანში ბლოგერს ბრალი ედებოდა  “მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებზე შესვლასა და თავის საჯარო გამოსვლებში სეპარატიზმის მხარდაჭერაში”. ამ ბრალდებების საფუძველზე ლაპშინი ინტერპოლის საერთაშორისო ძიებაში იყო. ლაპშინს სამი ქვეყნის – რუსეთის, ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეობა აქვს. მისი ექსტრადიციის წინააღმდეგ ისრაელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განცხადებები გაავრცელეს, თუმცა მინსკი შემხვედრ ნაბიჯზე არ წავიდა. ბელარუსი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნას ალექსანდრ ლაპშინის ექსტრადიციის შესახებ. ბლოგერი 2017 წლის  7 თებერვალს ბაქოში სპეცრეისით გაამგზავრეს. Amnesty international მაშინდელ განცხადებაში წერდა, რომ ლაპშინის წინააღმდეგ ბრალდება და მისი გადაცემა აზერბაიჯანული მხარისთვის მის [ალექსანდრ ლაპშინის] მიერ აზერბაიჯანის სასაზღვრო კონტროლის სისტემის კრიტიკასა და ქვეყანაში სოციალურ უთანსწორობაზე საუბარს უკავშირდება.

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი ბლოგერ ალექსანდრ ლაპშინის მიმართ აზერბაიჯანული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გმობს  და მოუწოდებს ბაქოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ბლოგერი.

ალექსანდრ ლაპშინი; ფოტო: კავკაზსკი უზელის გვერდიდან

ალექსანდრ ლაპშინი; ფოტო: კავკაზსკი უზელის გვერდიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი