ახალი ამბები

მდინარაძე: პრეზიდენტი ხშირად ადებს ვეტოს ჩვენს კანონებს, თუმცა გავეცნობით შენიშვნებს

20 ივლისი, 2017 • 1813
მდინარაძე: პრეზიდენტი ხშირად ადებს ვეტოს ჩვენს კანონებს, თუმცა გავეცნობით შენიშვნებს

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის დეპუტატები პარლამენტში პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ შენიშვნებს თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის შესახებ ყურადღებით გაეცნობიან, ხოლო შემდეგ ისაუბრებენ კონკრეტულად, დაძლევენ თუ არა მის ვეტოს და როდის.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, წინასწარ არ შეიძლება ლაპარაკი, დაძლევენ თუ არა პრეზიდენტის ვეტოს, რადგან ასეთი განცხადებების გაკეთება არ იქნებოდა სწორი პოლიტიკოსის მხრიდან.

“ყურადღებით გავეცნობით ორივე კანონთან დაკავშირებულ შენიშნვებს, რომელსაც პრეზიდენტი გამოგზავნის პარლამენტში. ამის შემდეგ უფრო კონკრეტული და ობიექტური განცხადებების თუ შეფასებების გაკეთება შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირია პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან ჩვენ მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს დადების პრეცედენტები, მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში, ვალდებულნი ვართ, დეტალურად შევისწავლოთ, განვიხილოთ თითოეული შენიშვნა და ამის შემდეგ გავაკეთოთ კონკრეტული განცხადებები ამასთან დაკავშირებით,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” მმართველი გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა.

დღეს, 20 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგელაშვილმა თვითმმართველობის კანონპროექტს, ასევე, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, ვეტო დაადო.

15 ივნისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას. ხელისუფლების გეგმის მიხედვით, 12 ქალაქიდან თვითმმართველი ქალაქის სტატუსს 5 შეინარჩუნებს, ხოლო 7 თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გაერთიანდება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართეს. ამ საკითხზე 3 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, პროცესი კანონდარღვევებით წარიმართა და არ მომხდარა მოსახლეობის აზრის გათვალისწინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი