ახალი ამბები

პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებს ვეტო დაადო

20 ივლისი, 2017 • 3285
პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებს ვეტო დაადო

დღეს, 20 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგელაშვილმა თვითმმართველობის კანონპროექტს, ასევე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, ვეტო დაადო. ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტში დაბრუნდება.

15 ივნისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას. ხელისუფლების გეგმის მიხედვით, 12 ქალაქიდან თვითმმართველი ქალაქის სტატუსს 5 შეინარჩუნებს, ხოლო 7 თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გაერთიანდება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდება.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, “ქართულ ოცნებას” ცესკოში ერთის ნაცვლად ოთხი წარმომადგენელი ეყოლება. თუკი დღეს ცესკოს თითო წევრს ნიშნავენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ ბიუჯეტიდან, ცვლილებების თანახმად, ეს პარტიის მიერ ბოლო არჩევნებში მიღებულ ხმებზე იქნება დამოკიდებული – პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 7-ზე და გაიყოს პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე; მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს ცესკოს წევრთა რაოდენობას, რომელთა დანიშვნის უფლებაც აქვს პარტიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი