ახალი ამბები

ადვოკატებმა მუხთარლის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართეს

20 ივლისი, 2017 • 1685
ადვოკატებმა მუხთარლის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის ცნობით, მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით 19 ივლისს ევროსასამართლოში განაცხადი შეიტანეს. მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროკონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას ედავება:

“ჩვენ ევროპის სასამართლოს მივმართეთ 2 ივნისს, ვაცნობეთ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას და მოვითხოვეთ დროებითი ღონისძიება, რამაც საშუალება მოგვცა, რომ მინიმალური სამედიცინო სერვისით ესარგებლა აფგან მუხთარლის იმ ეტაპზე. გუშინ, უკვე 19 ივლისს, ჩვენ წარვადგინეთ ძირითადი განაცხადი, პრიორიტეტი მიანიჭეს ამ საქმეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ევროსასამართლომ დაადგინოს ძირითადი უფლებების დარღვევის ფაქტი, რომლის გამოც აფგან მუხთარლის დაერღვა ევროკონვენციით გარანტირებული უფლებები. ეს არის დაახლოებით 14 მუხლი ევროკონვენციით და დამატებით ოქმებით გარანტირებული”,- ამბობს ჩოფიკაშვილია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, მოპასუხე არის ორივე სახელმწიფო, როგორც აზერბაიჯანი, ისე საქართველო, და ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ დარღვევებზე. დაცვის მხარე სცენარის საუკეთესო განვითარებად ევროსასამართლოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას მიიჩნევს, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის პატიმრობიდან გათავისუფლება დაევალება.

დღეს, 20 ივლისს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც გამოძიების შუალედური ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ მუხთარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან არიან დათხოვნილი შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლეიშვილი და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კუპრაშვილი, ვინაიდან ,მინისტრის თქმით, მუხთარლის მიერ “საზღვრის კვეთა მოხდა გაურკვეველ ვითარებაში”.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე  აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქმის გამოძიების ფარგლებში ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეოჩანაწერი 10 ობიექტიდან, რომელიც მდებარეობს კოლმეურნეობის მოედანზე. ამავე ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნება 19 კამერის ვიდეოჩანაწერი,მინისტრის თქმით, ნიკოლოზ ბარათაშვილის N2-ში მდებარე ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ მუხთარლი ჯდება #4 მიკროავტობუსში.

დღეს “ფრონტლაინში” გამართულ შეხვედრაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გაიმართა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ეს ვიდეოჩანაწერი აქვს მას ნანახი. მისივე თქმით 12 ივლისს ლეილა მუსტაფაევასაც მიეცა საშუალება გაცნობოდა ვიდე ჩანაწერებს, სადაც იგივე ადგილია გადაღებული სხვა რაკურსით.

“ლეილას უნდოდა ენახა ის პირველი ჩანაწერი, რომელიც მე ნანახი მაქვს, ხოლო ლეილას არა, გამშვები პროგრამის არარსებობის გამო, ვერ გახსნეს ეს ვიდეო და შევთანხმდით, რომ შემდგომში, როდესაც ექნებათ ეს გამშვები პროგრამა, ვუყურებთ ამ ვიდეოსაც და ასევე სხვა ვიდეოჩანაწერებსაც, მაგრამ დღემდე დუმილია. ფაქტიურად ჩვენ მოგვეცა ამ ორი ვიდეოჩანაწერის გაცნობის საშუალება”, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო გამოძიება შსს-მ დაიწყო 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის ფორმები. მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის დააკავეს კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით.

მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. გუშინ, 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი