ახალი ამბები

აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს

20 ივლისი, 2017 • 1817
აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა და უწყებას დღეს, 20 ივლისს გადაეცა.

“სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე გამოიკითხება ყველა პირი, ვისაც შესაძლოა რაიმე შემხებლობა ჰქონდეს აღნიშნულ საქმესთან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს”, – აცხადებს პროკურატურა.

 

მანამდე კი საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც გამოძიების შუალედური ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ მუხთარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან არიან დათხოვნილი შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლეიშვილი და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კუპრაშვილი, ვინაიდან ,მინისტრის თქმით, მუხთარლის მიერ “საზღვრის კვეთა მოხდა გაურკვეველ ვითარებაში”.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო გამოძიება შსს-მ დაიწყო 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის ფორმები. მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის დააკავეს კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით.

მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. გუშინ, 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი