ახალი ამბები

ნინო ბაქაქური: სასამართლოს ავტორიტეტი მოსამართლეების ხელშია

20 ივლისი, 2017 • 6072
ნინო ბაქაქური: სასამართლოს ავტორიტეტი მოსამართლეების ხელშია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა განაცხადა, რომ მოსამართლეებმა უნდა შექმნან სასამართლოს მიმართ ნდობა და ვერავითარი ნეგატიური პიარი ვერ გამოიწვევს სასამართლოს მიმართ უნდობლობას, თუკი სასამართლო იქნება რეალურად დამოუკიდებელი.

ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა დღეს, 20 ივლისს, ევროპის საბჭოს პროექტის, “სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” ოფიციალურ გახსნაზე გააკეთა. გახსნას ესწრებოდნენ ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმღვანელი, კრისტიან ურსე, ასევე, სასამართლოს, პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები – ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, თეა წულუკიანი, ეკა ბესელია და სხვები.

ნინო ბაქაქურმა დამსწრეებს მიმართა, რომ ამ განცხადებას აკეთებს, არა მარტო როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არამედ როგორც  ინდივიდუალური მოსამართლე, რომელსაც სურს, რომ მათ ერთი მოსამართლის ხმა მიაწვდინოს.

“საზოგადოების ნდობა სასამართლოსადმი არის სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის ქვაკუთხედი, რადგან თუ საზოგადოება არ ენდობა სასამართლოს, მაშინ სამართალი ვერ იქნება უზენაესი. რაკი ეს ნდობა სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის ქვაკუთხედია, ის არ არის მარტივად მოსაპოვებელი.

სასამართლოსადმი პატივისცემა და საზოგადოების ნდობა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სასამართლოს საქმიანობით მიიღწვა. ანუ სასამართლო ამას მოიპოვებს მხოლოდ თავისი გადაწყვეტილებებით, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დასაბუთებული. ვერავითარი ნეგატიური პიარი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, ვერ შექმნის საზოგადოების უნდობლობას სასამართლოს მიმართ, თუ სასამართლო მართლმსაჯულებას განახორციელებს ამ პრინციპების შესაბამისად. ასე რომ, ჩვენი, როგორც მოსამართლეების, ავტორიტეტი და ჩვენი სასამართლოს ავტორიტეტი მოსამართლეების ხელშია. სასამართლოსადმი ნდობასაც ჩვენ ვქმნით, სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ასეთი ავტორიტეტისა და საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად.

ამ პროცესში, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია დაგვეხმაროს იმის უზრუნველყოფით, რომ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა დაცული იყოს როგორც სასამართლო სისტემის გარეთ, ისე სასამართლო სისტემის შიგნით ყოველგვარი მექანიზმის არსებობისაგან, რომელსაც შეუძლია მოსამართლე ვიღაცის ძალაუფლებას დაუქვემდებაროს. ევროპის საბჭომ არაერთ დეკლარაციასა და დოკუმენტში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოსამართლე იყოს დაცული სისტემის შიგნით ზეწოლისგან, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყოს თითოეული მოსამართლის თავისუფლების დაცვის გარანტი. სწორედ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული მოსამართლე დაცული იყოს ყოველგვარი გავლენისგან და ყოველგვარი შიშისგან, რომელსაც შეიძლება ის დაექვემდებაროს.

მხოლოდ ამით მიიღწევა ის მიზანი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ისახავს. მოსამართლემ უნდა იგრძნოს როგორც სისტემის შიგნით, ისე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, რომ მისი დამოუკიდებლობა წახალისებულია და არა პირიქით. ამავე დროს, ყველა მოსამართლე უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ დამოუკიდებლობა ნიშნავს ანგარიშვალდებულებას სწორედ საზოგადოების წინაშე მისი ნდობის მოსაპოვებლად. დამოუკიდებლობა არ არის ჩვენი პრივილეგია, ის არის ჩვენი ვალდებულება. დამოუკიდბელობა –  ეს არის ადამიანების უფლება, სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი  ნაწილი. ეს მათი უფლებაა, რომ ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი და ჩვენი ვალდებულებაა. ამიტომ ინდივიდუალური მოსამართლის პრინციპულობა, კანონისადმი მორჩილება, მაღალი კვალიფიკაცია, დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება უნდა იყოს ის მთავარი მიზანი, რომელსაც ყველა ჩვენგანი უნდა ვემსახურებოდეთ. სხვაგვარად ვერ შევძლებთ ვისაუბროთ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე,”- განაცხადა ნინო ბაქაქურმა შეხვედრაზე.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაერთხელ განუცხადებია, რომ სასამართლოს ავტორიტეტს ნეგატიური პიარი და ცუდი მედიაგაშუქება განაპირობებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი