თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა სახელწოდებით "ქართველთა მარში" მოეწყო. 14.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

გაუპატიურების მუქარის საქმეზე გია კორკოტაშვილი გამოიკითხა

დღეს, 20 ივლისს, თბილისის მთავარ სამმართველოში “ქართველთა მარშის” ერთ–ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი გამოიკითხა სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მისამართით რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ მუქარის შემცველი განცხადებებს გამო.

ორგანიზაცია “სამოქალაქო სოლიდარობის” დამფუძნებელს სამმართველოში შესვლამდე და გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც კორკოტაშვილმა აღნიშნა, კომენტარს “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” ვერ გააკეთებს. ამავე საქმეზე დღეს “ქართველთა მარშის” კიდევ ერთი ორგანიზატორი გიორგი ონიანიც გამოიკითხება.

გუშინ უკვე გამოიკითხნენ იმ საჯარო მიმოწერის მონაწილე პირები, რომლებიცგია კორკოტაშვილთან ერთად კონსტანტინე მორგოშიას მიერ გაზიარებული პოსტის კომენტარებში თათია დოლიძის შესაძლო გაუპატიურებაზე საუბრობდნენ.

სოციალურ ქსელში კონსტანტინე მორგოშიას პოსტზე ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ, თათია დოლიძის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები წაიშალა, ხოლო გია კორკოტაშვილი და მისი თანამოაზრეები “ფეიქ” ანგარიშებისა და “ფეისბუკის” გატეხვის შესახებ ალაპარაკდნენ. მოგვიანებით, თავად გია კორკოტაშვილმა დაადასტურა, რომ გაუპატიურების საჯარო მუქარის შესახებ კომენტარები მისი დაწერილია. “ქართველთა მარშის” ერთ–ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ ეს სიტყვები “სლენგის” მნიშვნელობით გამოიყენა და არა პირდაპირი მნიშვნელობით.

კორკოტაშვილი გუშინ აცხადებდა, რომ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, მივიდოდა თუ არა გამოკითხვაზე, რადგან “თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა”. როგორც “იბერიასთან” საუბრისას აღნიშნა, თათია დოლიძის მიმართ დაწერილი მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო ბოდიშის მოხდასაც კი არ აპირებს.

თავად თათია დოლიძე ამ ფაქტს “ფეისბუკშივე” გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულიც, ხოლო მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. გაეროში ახალგაზრდობის ყოფილმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის. 19 ივლისს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გამართა, რომელიც 14 ივლისს გამართული ქსენოფობიური მარშისა და მისი ორგანიზატორების მხრიდან ქალის მიმართ ძალადობრივი განცხადებების საპასუხოდ ჩაატარეს.

16 ივლისს თათია დოლიძეს “ფეისბუკში”  დაემუქრა “ქართველთა მარშის” რადენიმე მონაწილე ჯგუფური გაუპატიურებით, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. “მარში”, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს გაიმართა, ქსენოფობიურ შინაარსს ატარებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.