ახალი ამბები

სამინისტრო სამშენებლო კომპანიებისგან შეისყიდის თბილისში დევნილებისთვის საცხოვრებელ ფართებს

20 ივლისი, 2017 • 2847
სამინისტრო სამშენებლო კომპანიებისგან შეისყიდის თბილისში დევნილებისთვის საცხოვრებელ ფართებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო თბილისში სამშენებლო კომპანიებისგან საცხოვრებელ ფართებს შეისყიდის.

მინისტრის მოადგილის, გიორგი გიორგაძის თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო იმ დევნილებისთვის შეიძენს ბინებს, რომლებიც თბილისში მწვავედ ავარიულ  და სახელმწიფოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე  ობიექტებში ცხოვრობენ.

გიორგაძის თქმით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვასთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების სამინისტრო მოლაპარაკებებს დაახლოებით 40 სამშენებლო კომპანიასთან აწარმოებს

სამინისტრო ბინებს მხოლოდ დასრულებულ (ექსპლოატაციაში მიღებულ) ან მშენებარე კორპუსებში შეისყიდის.

დევნილთა  სამინისტროს ცნობით, ისინი 10 დღის ვადაში ელიან კომპანიებისგან თავიანთი წინადადებების წარდგენას სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტანდარტების  შესაბამისად.

“ამ ეტაპზე სამინისტრო შეისყიდის ბინების  იმ  რაოდენობას, რაც აუცილებელია, ერთი მხრივ, ავარიული შენობების დასახურად, სადაც ცხოვრება საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და მეორე მხრივ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დასახურად, რათა ხელი არ შეეშალოს ინვესტიციების განხორციელებას“, – განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, უმოკლეს დროში მთავრობა წარმოადგენს პროგრამას, რომლის მიხედვითაც, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება მასშტაბური მშენებლობები და განაცხადებების მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი