ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის საჩუქარი აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს – ბინები ბაქოში

20 ივლისი, 2017 • 9050
ალიევის საჩუქარი აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს – ბინები ბაქოში

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ჟურნალისტებისთვის აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, ჟურნალისტთა 17-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში 255 ბინაა.

აზერბაიჯანის პრესის საბჭოს თავმჯდომარემ, აფლატუნ ამაშოვმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მედიის წარმომადგენლების მიმართ “ყურადღებისა და ზრუნვისთვის” მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს გადასცა პრემია – “ჟურნალისტთა მეგობარი”.

ჟურნალისტთა მეორე კორპუსის გახსნის შემდეგ ალიევმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი მესამე კორპუსის მშენებლობასაც ჩაუყარა საფუძველი.

“აზერბაიჯანის ჟურნალისტიკა ვითარდება და საზოგადოებაში ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს. აზერბაიჯანში უზრუნველყოფილია ყველა თავისუფლება, მათ შორის სიტყვის”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა ცერემონიის დროს.

ამასთან, ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში ათასობით მედიაორგანიზაცია არსებობს, რომელიც საზოგადოებისთვის ყველა მნიშვნელოვან პრობლემას აშუქებს და საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

აზერბაიჯანში თავისუფალი ჟურნალისტების დევნამ განსაკუთრებით ბოლო წლებში სისტემური ხასითი მიიღო. ალიევის რეჟიმმა არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააპატიმრა და სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედიაორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და საქმიანობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გაეგრძელებინათ. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი აფგან მუხთარლია, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტისა და მოთხოვნების მიუხედავად, მისი გატაცების საქმე ქართულ მხარეს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

ჟურნალისტებისთვის აშენებული საცხოვრებელი კორპუსი; ფოტო: apa.az

ჟურნალისტებისთვის აშენებული საცხოვრებელი კორპუსი; ფოტო: apa.az

მასალების გადაბეჭდვის წესი