ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო შტაბის უფროსი და პრესსპიკერი წარადგინა

20 ივლისი, 2017 • 4588
ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო შტაბის უფროსი და პრესსპიკერი წარადგინა

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბს ცხენების გადარჩენის ცენტრის უფროსი ვანო ნორაკიძე უხელმძღვანელებს. საარჩევნო შტაბის უფროსი ელისაშვილმა დღეს წარადგინა.

დღესვე თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა პრესსპიკერის პოზიციაზე ჟურნალისტი ლაშა მესხი წარადგინა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაითხოვეს. იგი მაუწყებელში პროფკავშირს წარმოადგენდა და სწორედ ამ მიმართულებით მის აქტივობას უკავშირებს მაუწყებლიდან მის დათხოვნას.

როგორც ელისაშვილი ამბობს, რომ თავის გუნდს აკომპლექტებს პროფესიონალიზმისა და წესიერების მიხედვით. მისი თქმით, არც ერთი მათგანი იღებს ხელფასს და ორივე უანგაროდ უდგას გვერდში.

“ლაშა მედიისთვის კარგად ცნობილია, ხოლო ვანო ახალგაზრდა კაცია, მაგრამ იურისტების პროფესიულ წრეებში -პატივსაცემი, სახელმოხვეჭილი და წესიერი ადამიანი. სამი წლის წინ ჩვენ ერთად გვაქვს გავლილი საარჩევნო პერიპეტიები; მაშინ ვანო იყო ჩემი საარჩევნო შტაბის წევრი – თავდაუზოგავი და მშრომელი. ერთად გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში. შესაბამისად, დიდი პატივით წარვადგენ მას შტაბის უფროსად. ჩემთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ის იქნება ამ რთულ, დაუნდობელ ბრძოლაში ჩემი შტაბის ხელმძღვანელი. რაც შეეხება ლაშას, მას კარგად იცნობთ ჟურნალისტებიც და საზოგადოებაც – ის არის წესიერი, მებრძოლი, პროფესონალი და შეუპოვარი ადამიანი. გუდიაშვილზე გამართულ პრეზენტაციაზე დავპირდი ხალხს, რომ თანდათან წარვადგენდი გუნდის წევრებს და მხოლოდ ორი ნიშანი იქნებოდა გუნდის წევრობისთვის აუცილებელი – პროფესიონალიზმი და წესიერება. ახლა ორი მათგანია წარმოდგენილი. ასეთ ხალხთან ერთად შევდივარ ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვანო ნორაკიძის თქმით, ალეკო ელისაშვილთან ერთად უკვე გაიმარჯვა ერთხელ, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში: “საკმაოდ მძიმე ბრძოლაში, ხალხთან ერთად, ჩვენ უკვე გვაქვს გამარჯვების გამოცდილება და იმავეს ვაპირებთ ახლაც. ჩვენ ვართ თანამოაზრეები, მეგობრები და თანამებრძოლები.”

ჟურნალისტების პროფკავშირის თავმჯდომარე ლაშა მესხი, რომელიც დღეიდან ელისაშვილის პრესსპიკერიც იქნება, ამბობს, რომ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს და მის გუნდს აქვს რესურსი, შესაბამისი ცოდნა და გამოცდილებაც იმისთვის, რომ ქალაქის პრობლემები მოაგვაროს და უპასუხოს მის გამოწვევებს:

“უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ ჩვენს კონკრეტულ ხედვებს, კონკრეტულ გეგმას და გუნდის სხვა წევრებსაც. ვიქნებით გახსნილები მედიასთან და საზოგადოებასთან იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი რესურსი ხართ თქვენ; ჩვენი მთავარი რესურსი არის საზოგადოება. მთავარი დასაყრდნობი არის ის საზოგადოება, რომლისთვისაც დედაქალაქი სულერთი არ არის.”

ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოს ერთადერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია, თბილისის მერობის კანდიდატად თავი 11 ივლისს ოფიციალურად წარადგინა.

ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი ვანო ნორაკიძე და პრესსპიკერი ლაშა მესხი. 20.07.2017

ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი ვანო ნორაკიძე და პრესსპიკერი ლაშა მესხი. 20.07.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი