ახალი ამბები

გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება – ევროსაბჭო სამწლიან პროექტს იწყებს

20 ივლისი, 2017 • 1935
გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება – ევროსაბჭო სამწლიან პროექტს იწყებს

საქართველოში ევროპის საბჭომ პროექტი “სასამართლო სისტემის მხარდაჭერა საქართველოში”დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია დღეს, 20 ივლისს, თბილისში გაიმართა.

პროექტი 32 თვე გაგრძელდება, მისი ბიუჯეტი 1 550 000 ევროს შეადგენს და ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობით.

ევროპის საბჭოს ამ პროექტის მიზანია, რომ დაეხმარონ სასამართლო სისტემას იმ სტრატეგიის განხორციელებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მაისში დაამტკიცა.

როგორც ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა პრეზენტციაზე განმარტეს, პროექტი ხელს შეუწყობს:

[checklist]

  • მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების, მივლინებისა და დისციპლინური პროცედურების გამჭვირვალე, დასაბუთებული და არგუმენტირებული გზით წარმართვა;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდა;
  • სასამართლო ადმინისტრირების გაუმჯობესებულად წარმართვა;
  • ადვოკატთა ასოციაციის როლის გაზრდა სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებისთვის.

[/checklist]

შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე, ეკა ბესელია – პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვა მაღალჩინოსნები.

“არსებობს მოლოდინი, რომ პროექტის განხორციელებულ აქტივობათა შედეგად, საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ უფრო მეტად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი მართლმსაჯულებით, რასაც უფრო კვალიფიციური და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა უზრუნველყოფს,”- აცხადებს ევროპის საბჭო.

მათივე განცხადებით, ელიან, რომ პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება, სასამართლო ადმინისტრაციის მომსახურების გაუმჯობესება, მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების, გადაყვანისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მეტად გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცედურების დანერგვა.

იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაშიც ევროპის საბჭო საქართველოში სასამართლო სისტემის მხარდაჭერას გეგმავს, სისტემას მკაცრად აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი კლანურ მმართველობაზე, სისტემის კარჩაკტილობაზე, იუსტიციის საბჭოს მუშაობის გაუმჭვირვალობაზე, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ხარვეზებზე საუბრობენ.

პროექტის "სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" პრეზენტაცია. ფოტო: საქართველოს პალამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი