ახალი ამბები

ეს დაპირისპირება ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს – ჯანელიძე ე.წ. ქართული მარშის აქციაზე

20 ივლისი, 2017 • 2194
ეს დაპირისპირება ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს – ჯანელიძე ე.წ. ქართული მარშის აქციაზე

ვიცეპრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ე.წ. ქართლი მარშის გამო საზოგადოების გაღიზიანებას იზიარებს. მისივე თქმით, წარმოქმნილი დაპირისპირება საქართველოს მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

“რამდენიმე დღეა ვხედავთ, რომ საზოგადოება არის უკიდურესად გაღიზიანებული ე.წ. “ქართული მარშის” და მისი შედეგების გამო. მე სრულიად ვიზიარებ ამ ემოციას. არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია, აგრესია იყოს ქართული. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც უდიდესი და უძველესი კულტურა გვაქვს, დაფუძნებული შემწყნარებლობასა და ტოლერანტობაზე.

რა თქმა უნდა, თავისუფალი აზრის გამოხატვა ის ძირითადი უფლებაა, რომლის დაცვისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, და რაც გვაკავშირებს დასავლურ ცივილიზაციასთან. თუმცა თავისუფალი აზრის გამოხატვა და თუნდაც სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა, იქნება ეს მიგრაცია თუ სხვა, არ შეიძლება ატარებდეს შეურაცხყოფის და მუქარის სახეს. განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი მუქარა და შეურაცხყოფა განსხვავებული აზრის მქონე სხვა მოქალაქის მიმართ. ეს დაპირისპირება ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მარტივია დაქსაქსული საზოგადოების კონტროლი. საჭიროა, ყველა კარგად დაფიქრდეს, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა გააზრებულმა თუ გაუაზრებელმა ამგვარმა ქმედებებმა,” – წერს ჯანელიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე. 

ე.წ. ქართული მარშის ორგანიზებით, ქსენოფობიური მსვლელობა 14 ივლისს გაიმართა. ორგანიზატორები მოითხოვენ, ყველა არალეგალმა უცხოელმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი