ახალი ამბები

ჯანელიძე: დღეს დიპლომატია ემსახურება ქვეყნის და არა პარტიის ინტერესებს

20 ივლისი, 2017 • 2105
ჯანელიძე: დღეს დიპლომატია ემსახურება ქვეყნის და არა პარტიის ინტერესებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრეზიდენტის ადმინისტრციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავსირებით მორიგ დაპირისპირებას ეხმიანება.

ჯანელიძე თბილისში მიმდინარე “ამბასადორიალის” ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ საუბრობს, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის თქმითვე, პარლამენტის თავჯდომარისგან დიპლომატებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროცესისა და ახალი კონსტიტუციის პროექტის შესახებ.

“ალბათ, ეს ამბავი არავის გაუკვირდებოდა, რომ არა სრულიად უსაფუძვლო ბრალდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ თითქოს ამბასადორიალის გამოყენება ხდება იმისათვის, რომ დიპლომატებს პარტიულ-პოლიტიკური დავალებები მიეცეთ. სწორედ ამ განცხადებამ და ასევე მას აყოლილმა ოპოციონერების განცხადებებმა მოახდინეს ამ პროცესის პოლიტიზირება და შექმნეს განცდა, რომ დიპლომატია პარტიული პოლიტიკური ინტერესების გატარებას ემსახურება.

მსურს საზოგადოებას სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ დღეს დიპლომატია ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და არა რომელიმე ცალკე აღებული პარტიის ინტერესებს. .ასევე, მსურს მოვუწოდო დღეს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, ვინც, წესით, პატივს უნდა სცემდეს ქართულ დიპლომატიას და დიპლომატებს, ნუ შეეცდებიან საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო ზიანის მიყენებას ამ სამსახურისადმი. ასევე, ნუ ეცდებიან “მეგობრობის” ბოროტად გამოყენებას და ადამიანებით მანიპულირებას”,- წერს ჯანელიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ 19 ივლისს განაცხადა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკის წარმოების ანა-ბანაა, რომ დიპლომატიურ კორპუსს პარტიული დავალებები არ ეძლევა.

“უაღრესად სამწუხაროა და ძალიან ცუდია, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება, როგორც პარტიულ აქტივს, და აძლევს მათ პარტიულ დავალებებს. ეს ის სამართლიანი პრეტენზიაა, რომელსაც ქართული საზოგადოება უყენებდა წინა ხელისუფლებას და რისი პრაქტიკაც 2012 წელს დასრულდა. მსგავსი ტიპის დავალებების მიცემა დიპლომატიური კორპუსისათვის სრულიად მიუღებელი და სრულიად დაუშვებელია”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

19 ივლისს ამბასადორიალზე პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდეთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, რადგან, მისი თქმით, საკონსტიტიციო ცვლილებების წინააღმდეგ მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ კამპანია და ამისთვის აუცილებელია დიპლომატიურმა კორპუსმა გაავრცელოს “სწორი ინფორმაცია” საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისია ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე შეიქმნა და მისი 73 წევრიდან მუშაობაში მონაწილეობა მხოლოდ სამმა წევრმა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არ მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი