ახალი ამბები

მორიგი დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის

19 ივლისი, 2017 • 2049
მორიგი დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ელჩებისადმი გაკეთებულ მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკის წარმოების ანა-ბანაა, რომ დიპლომატიურ კორპუსს პარტიული დავალებები არ ეძლევა.

“უაღრესად სამწუხაროა და ძალიან ცუდია, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება, როგორც პარტიულ აქტივს, და აძლევს მათ პარტიულ დავალებებს.

ეს ის სამართლიანი პრეტენზიაა, რომელსაც ქართული საზოგადოება უყენებდა წინა ხელისუფლებას და რისი პრაქტიკაც 2012 წელს დასრულდა. მსგავსი ტიპის დავალებების მიცემა დიპლომატიური კორპუსისათვის სრულიად მიუღებელი და სრულიად დაუშვებელია”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ამ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი:

“გუშინ საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რუსული ოკუპაციის და რუსული პროპაგანდისწინააღმდეგ მუშაობის გაძლიერებისაკენ მოუწოდებდა. დღეს საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზზე და საოკუპაციო ხაზიდან მთელს მსოფლიოსმოუწოდებდნენ შეეჩერებინათ რუსული აგრესია. სამწუხაროდ, სწორედ ამის პარალელურად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხვდებოდა დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენელებს და იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ეთხოვა გაეძლიერებინათ მუშაობაანტიანექსიის და ოკუპაციის წინააღმდეგ, მათ სთხოვდა და მოუწოდებდა, რომ ემუშავათ საქართველოს პრეზიდენტის იმიჯისწინააღმდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამას მოუწოდებდა იმ ელჩებს, რომლებიც არიან საქართველოს პრეზიდენტის მიერდანიშნული”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

დღეს დილით ამბასადორიალზე პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდეთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, რადგან, მისი თქმით, საკონსტიტიციო ცვლილებების წინააღმდეგ მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ კამპანია და ამისთვის აუცილებელია დიპლომატიურმა კორპუსმა გაავრცელოს “სწორი ინფორმაცია” საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისია ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე შეიქმნა და მისი 73 წევრიდან მუშაობაში მონაწილეობა მხოლოდ სამმა წევრმა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არ მიიღეს.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა არმონაწილეობა კომისიის მუშაობაში აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო. მიზეზი ის იყო, რომ არ დავეთანხმეთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს, რომლის მიხედვით, კომისიას სამი თანახელმძღვანელი უნდა ჰყოლოდა. ეს რეალურად  საპრეზიდენტო ფორმატის შემოთავაზებას ნიშნავდა. ამის სანაცვლოდ  საზოგადოებას შევთავაზეთ საპარლამენტო ფორმატი და ამას ჰქონდა ძალიან მყარი საფუძველი, რომელიც პირველ რიგში, კონსტიტუციაში მდგომარეობდა. ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდანაც შეიძლება მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, არის საქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ფორმატს ალტერნატივა არ ჰქონდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პანელურ დისკუსიაში, რომელსაც მოდერირებას ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უწევდა,  ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიიღო.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადება, თითქოს ირაკლი კობახიძემ ელჩებს პარტიული დავალება მისცა საკონსტიტუციო რეფორმის კამპანიის წარმოებაზე, არის სრულიად უსაფუძვლო.

“ძალიან დასანანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება ამ საკითხის და ზოგდად ამბასადორიალის პოლიტიზირება. ამბასადორიალის ფარგლებში აბსოლუტურად არსებობს შესაძლებლობა ყველა აზრის გამოხატვისა და მოსმენის; ჩვენ ვისაუბრეთ სამოქალაქო საზოგადოების მოხსენებებზე, მათი პოზიციების გაცნობაზე და ა.შ. ამიტომ ეს განცხადება არის სრულიად უსაფუძვლო და ემსახურება ამ პროცესის პოლიტიზირებას. მინდა მოვუწოდო დანარჩენ პირებს, რომლებიც გამოეხმაურნენ ამ უსაფუძვლო განცხადებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს არის სრულიად დეპოლიტიზირებული, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობას მსოფლიოს მასშტაბით. დღეს ჩვენ გვქონდა პატივი გვემანსპინძლა პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელმაც ძალიან მნიშვნლოვანი რეფორმების შესახებ გააცნო ინფორმაცია ჩვენს დიპლომატებს, მათ შორის, სკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ეს ინფორმაცია მოსმენილი პირველწყაროდან, კომისიის ხელმძღვანელისგან იყო უმნიშვნელოვანესი,” – განაცხადა ჯანელიძემ.

ირაკლი კობახიძემ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებთ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რისთვისაც საწინააღმდეგო კამპანიის დაწყებაა აუცილებელი. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს გარკვეული დავალებების მიცემას დიპლომატებისთვის, ჯანელიძე პასუხობს:

“მე მოგახსენებთ, რომ გასულ წელსაც იყო მცდელობა, რომ დაებრალებინათ მმართველი ძალისთვის, რომ ხდება დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზირება. ეს იყო გადმონაშთი იმ ძველი ტრადიციისა, როდესაც ნამდვილდ ეძლეოდათ პოლიტიკური დავალებები დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს და ისინი მოქმედებდნენ პოლოტიკური დღის წესრიგით. დღეს ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე სწორი ინფორმაციის მიწოდების პრინციპით; სწორედ ეს იყო პარლამენტის თავმჯდარის დღევანდელი მოწოდება და მისი დღევანდელი განცხადებების საფუძველი, რომელიც მან, როგორც სკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, მიაწოდა [ელჩებს] აბსოლუტურად ობიექტურად გადადგმული ნაბიჯებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც იყო უმნიშვმელოვანესი ჩვენი დიპლომატიური კორპუსისთვის.”

აღნიშნულ თემას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც გამოეხმაურნენ. ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საჯარო ეთიკას სათანადოდ არ იცნობენ:

“მე ძალიან მკაფიოდ მინდა ჩამოვაყალიბო, რომ როდესაც ინსტიტუციების პატოვისცემაზე საუბრობს პრეზიდენტი, მას პირველ რიგში მოეთხოვება ჩაუტაროს კარგი ინსტრუქტაჟი, ერთი კარგი ტრეინინგი არ აწყენდა ნამდვილად პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საჯარო მოხელეები, რომლებიც უნდა იცნობდნენ საჯარო ეთიკას და აცნობიერებდნენ, რომ მათი მხრიდან ასეთი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფს ინსტიტუციას – პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს ინსტიტუტს და საკანონმდებლო ორგანო წარმოადგენს ინსტიტუტს და არის მაკონტროლებელო და ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ეს ნიშნავს, არა პარლამენტის თავჯდომარის შეურაცხყოფას არამედ საკუთარი ინსტიტუტის. საჯარო მოხელეებმა არ იციან თავიანთი უფლება-მოსილება. ძნელად წარმოსადგენია, რომ პარლამენტის რომელიმე მოხელემ საჯარო განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენოს პრეზიდეტს.”

მისივე თქმით, გაკეთებული განცხადების შინაარსი კიდევ უფრო მძიმეა.

“ინფორმაციის მიწოდება მათ თუ პარტიული დავალება ჰგონიათ, საერთოდ წარმოუდგენა არ აქვთ არც დიპლომატიაზე, არც ჩვენი მისიების ფუნქციაზე,”- ამბობს ბესელია

მასალების გადაბეჭდვის წესი