ახალი ამბები

უმრავლესობის სხდომა “ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულების აქციის ფონზე იმართება

19 ივლისი, 2017 • 1852
უმრავლესობის სხდომა “ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულების აქციის ფონზე იმართება

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება, “ბავშვთა სამყაროს” ხანძრისგან დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ზარალის ანაზღაურებასა და ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიების დასრულებას ითხოვენ. მათ გია ვოლსკისთან სცადეს მისვლა, თუმცა ვოლსკი შენობაში ისე შევიდა, აქციის მონაწილეებს არ გასაუბრებია.

სხდომაზე უმრავლესობის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციების შესაძლო ფორმატებს განიხილავენ. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ოპოზიციასთან თანამშრომლობის და კონსენსუსის მოძებნის პირობა დადო.

“ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა. მათ თბილისის საკრებულომ 3000-3000-ლარიანი კომპენსაცია გამოუყო, თუმცა დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათთვის მიყენებული ზიანი გაცილებით მეტია. ეს თანხა კი ვალებისა და სესხების დასაფარად გმაოიყენეს, ბიზნესის თვიდან დასაწყებად კი დამწვარი პროდუქციის შესაბამისი კომპენსაცია სჭირდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი